საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
კვირა, 18.02.2018, 11:49

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » dirbis dedata monasteri

dirbis dedata monasteri

15:16

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონი), მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირას დამრეც ფერდობზე. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, რომელთაგანაც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე.

იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. ,,...ოდეს იგულსმოდგინა მეფეთ-მეფემან სვიმონ და შესწირა სოფელი დირბი წმინდასა და განმაცხოველებელსა ჯვარის მონასტერსა და ცხოველსმყოფელსა აღსადგინელსა საფლავსა უფლისასა და საუფლოთა სისხლითა მიერ მორწყულსა გოლგოთასა...” გვიანი შუა საუკუნეების დოკუმენტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელი დირბი ეპარქიალურად რუისის სამწყსოს შემადგენლობაში შედიოდა. ამავე დროს, ასევე დოკუმენტებზე დაყრდნობით, დირბი უკვე XVI საუკუნიდან (1588წ) ნამდვილად იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის კუთვნილებას წარმოადგენდა. როსტომ მეფემ (1632-1658წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684წ) 1650წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულობა. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისათვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. 1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს ისევე, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანიღაა დარჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, ,,ქრისტეს საფლავის წინამძღვართა” ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება.

დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული, იგი კუბური ფორმის ნაგებობაა.

ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. XXს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIVს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.

ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა. 2000 წლის 31 აგვისტოს მეუფე იობმა აკურთხა განახლებული ტრაპეზი. ტაძარის წინამძღვარი იყო მღვდელმონაზონი იოანე (ოხანაშვილი). 2003 წელს დაარსდა დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვრად დაინიშნა სამონაზვნე ბარბარე (ივანიშვილი). დაიწყო აღდგენითი სამუშაოები ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა საცხოვრებელი სახლი, მონასტერი შემოიზღუდა გალავნით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნელი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რაც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია, მოიხნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა ,,იოსების ყვედრება” სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავესე ,,მიდგომილი ღმრთისმშობელი”.

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას ,,კუბოსა ღმრთისმშობლისასაც” უწოდებდნენ. XVII საუკუნის საბუთით დამოწმებული დირბის ეკლესიის სახელწოდება ,,კუბოს ღვთისმშობელი”, რომელიც XVIII ს. საბუთში მეორდება და დირბის ეკლესიის სახელთან დაკავშირებული მყარი ტრადიციის არსებობაზე მიანიშნებს. ,,კუბოს ღმრთისმშობელი” უნდა უკავშირდებოდეს ,,ღმრთისმშობლის ამაღლების” აქ წარმოდგენილ უიშვიათეს გამოსახულებას, სადაც საგანგებოდაა დედა ღმრთისას ღია და ცარიელი ქვის კუბო წარმოდგენილი.

2008 წლის 8 აპრილს ტაძრის მღვდელმსახურმა იღუმენმა იოანემ (ოხანაშვილი) მოაბრძანა დირბის ღმრთისმშობლის ფრესკის ასლი, რომელიც დაწერა ირაკლი ცინცაძემ. აღსანიშნევია, რომ ხატი მამა იოანემ მოაბრძანა მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან დაწერილი იყო სხვა ტაძრისთვის, (დირბის წმიდა გიორგის სახელობის, როგორც სოფელში უწოდებენ ,,ზედა ჯვრის” ტაძრისთვის), მაგრამ დედაღმრთისმშობელმა ინება თავის სავანეში დარჩენილიყო.

2008 წლის 3 ივნისს მეუფე იობმა აკურთხა წმ. ბარბარეს სახელობის განახლებული ტრაპეზი, რომელიც მდებარეობს ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სამხრეთ მინაშენში.

დედაღმრთისმშობელი არის მონასტრის მეოხი და მფარველი წინაშე ღმრთისა, რაც არაერთი განსაცდელის ჟამს გამოვლინდა. უნდა აღინიშნოს 2008 წლის 7-14 აგვისტოს ომი. მონასტერი მდებარეობს ცხინვალიდან 14 კილომეტრის დაშორებით, მიუხედავად უდიდესი საშიშროებისა მონასტერი არ მიტოვებულა, წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. მონასტრის გალავანს გარეთ მდებარე სოფლის ბაღ-ვენახებში ცვიოდა მტრის ტყვიები ქართული ჯარის წინააღმდეგ, ჩამოვარდა ბომბი, რომელიც არ აფეთქებულა, დედაღმრთისმშობლის მფარველობით.

2009 წლიდან მონასტრეში მზადდება ორი სახის მალამო. მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებისგან განიკურნენ კმაყოფილნი და მადლიერნი არიან.

2010 წელს გამოიცა ღმრთისმშობლის მიძინებისა და დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისები, რომლებიც შედგენილია მონასტერში, იკერება კვართები, რომლითაც იმოსებიან ფეხმძიმეები და უშვილოები ლოცვის დროს. ასევე იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. კვართსა და სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვთ და უკავშირდება დირბის ღმრთისმშობელს, რომელიც არის უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე. ტაძრის მოლოცვის, კვართისა და სარტყლის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღმრთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონასტრის გალავანს ციხე უერთდება, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. ციხე სტრატეგიულ დასაყდენს წარმოადგენდა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მის ჩრდილოეთით ხუთსართულიანი კოშიკი იყო. ციხიდან მდინარე ფრონეზე გვირაბი გადიოდა. დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა და ნაგავსაყრელად იქცა. მონასტერმა იზრუნა ციხის გასუფთავებაზე, კედელების აღდგენა დაწყებულია. მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით მონასტერი ზრუნავს, რომ ციხეს ძველი სახე დაუბრუნდეს. გასუფთავების დროს გამოჩნდა ქვევრები, ასევე, ნაპოვნია ხანჯალი.

სამომავლოდ დაგეგმილია მონასტრის ეზოში მდებარე არქიმანდრიტის სასახლის აღდგენა. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანიღაა დარჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით.

მონასტერში ინახება აქვე ნაპოვნი ძველი ნივთები – კარედი ხატის პატარა ნაწილი, დოქი, თიხის წყალსადენი მილები, ჟამნი და ზარი. ტაძრის ეზოში ნაპოვნია არქიმანდრიტის საფლავი, რომლესაც თან ჰქონია ჩატანებული ტაძრის ბეჭედი და იგი საპატრიარქოში ინახება, ასევე, ნაპოვნია ძველი მონეტა, რომელიც ქარელის მუზეუმში ინახება.

2010 წლის 19 აგვისტოს მონასტერი კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე დადგა – მონასტრის სახურავში ხანძარი გაჩნდა. დედაღმრთისმშობლის მადლითა და წყალობით მსხვერპლი არ ყოფილა, დაზიანდა სახურავი და რამდენიმე ოთახი. შიდა ქართლის გუბერნატორის ბატონი ზურაბ არსოშვილის დახმარებითY უმოკლეს დროში აღსდგა ხანძრის შედეგად დაზიანებული. ღმერთმა ასწილად მიაგოს ბატონ ზურაბს მისი თანადგომა და დედაღმრთისმშბლის შემწეობა მუდამ განეცადოს.

ყოვლაწმიდა ღმრთისმშობელი აკურთხებს და ბარაქას აძლევს აქ მოღვაწე მონაზონთა შრომას – მონასტერში მზადდება სანთლები, სეფისკვერი, იბეჭდება ხატები, კალენდრები, ბუკლეტები, პარაკლისები, ჯვრისწერისა და ნათლობის მოწმობები. სამომავლოდ გეგმაშია სტამბის გაზრდა და გაუმჯობესება. ამჟამად მონასტერი მუშაობს წიგნზე, რომელშიც აღწერილი იქნება მონასტრის ისტორია, მხატვრობა, დღევანდელი ცხოვრება. 2011 წლის 27 იანვარს მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ნატალია (ხახუტაიშვილი) საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნატარესის ილია II –ის მიერ დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.


კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 1204 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2018
Create a free website with uCoz