საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 15.12.2017, 11:25

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ქვათახევის ღვთისმშობელი უშვილოებს კურნავს

ქვათახევის ღვთისმშობელი უშვილოებს კურნავს

17:26
კასპის რაიონში, ერთ–ერთ ულამაზეს ადგილას, მდინარე კავთურას ხეობაში, ქვათახევის უძველესი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. მას ქვაბთახევსაც უწოდებენ. ამ სახელების წარმოშობის ვერსიები ასეთია – რადგან მონასტერი კლდოვან ქანებშია აგებული, ქვათახევი უწოდეს. ქვაბთახევი კი გამოქვაბულების არსებობას, უძველეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება. ზოგი ისტორიული წყარო მის აღმშენებლად დავით აღმაშენებელს ასახელებს, ზოგი კი – თამარ მეფეს.

ერთ–ერთი გადმოცემის მიხედვით, ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. იქ უძველესი დროიდან ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატი იყო კანკელზე დაბრძანებული. 

ხატი ქართველთა ლაშქარს უძღოდა ხოლმე წინ. მის წინაშე დაუჯდომელი საგალობელის კითხვა ყოფილა დაწესებული. ამ ხატს განსაკუთრებით უშვილო მშობლები ევედრებოდნენ. პლატონ იოსელიანის აღწერით, იგი კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული. ხატი მე–17 საუკუნეში არჩილ მეფეს რუსეთში წაუღია, საიდანაც 1751 წელს დაუბრუნებიათ ქვათახევის მონასტერში. შემდეგ კი თბილისში, ფერისცვალების ტაძარში გადაუტანიათ. დღეს ამ ხატის ასავალ–დასავალი უცნობია. 

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. 

თემურ–ლენგმა ქვათახევის მონასტერს მიაგნო და დაარბია. ტაძარში ჩაკეტილი ყოფილან მონაზვნები, მღვდლები, მოსახლეობა. მტერს კარი შეუმტვრევია და იქ შეკრებილთათვის ქრისტეს უარყოფა მოუთხოვია. პასუხად უარი რომ მიუღიათ, მონასტრის მთელი სიმდიდრე გამოუზიდავთ, ხალხი კი ტაძარში გამოუკეტავთ და იქაურობა ცეცხლისთვის მიუციათ. ცეცხლის ალში გახვეული ტაძრიდან განწირულ ქრისტიანთა გალობა ისმოდა... 

ქვათახევის წმინდა მოწამენი – ასე მოიხსენიებს დღეს ჩვენი ეკლესია ამ ადამიანებს. მრავალმოწამეთა ხატიც დაიწერა და მათ წინ დღეს ლოცვა აღევლინება. ტაძრის იატაკზე საუკუნეების განმავლობაში მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი იყო აღბეჭდილი. ზოგი მათ სახესაც ხედავდა. იატაკი დღემდე ხელუხლებელი დარჩა და იქ ახლაც შეიმჩნევა ცეცხლის კვალი. იატაკი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ ქალს იქ ფეხი კარგახანს აღარ დაუდგამს. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნიში აუგიათ და ქალები იქიდან ევედრებოდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ წესს 1796 წლამდე უცვლელად იცავდნენ. 1821 წლიდან კი ტაძარში ფეხშიშველნი ან საგანგებო ფეხსაცმლით შედიოდნენ. ამ წესს ტაძარში შესვლისას მაჰმადიანებიც ემორჩილებოდნენ. ტაძარში ახლაც შეხვდებით ფეხშიშველა მომლოცველებს. 

ქვათახევის მონასტერში ჯვარი დაუწერია წმინდა მოწამე ლუარსაბ მეორეს გიორგი სააკაძის დაზე. 

მე–18 საუკუნის 30–იან წლებში ლეკთა თავდასხმების გამო ქართლ–კახეთში გაუსაძლისი მდგომარეობა და დიდი შიშიანობა იყო. ქვათახევის მონასტერი 1735–1740 წლებში ბერ–მონაზვნებმა დაკეტეს, იქ დაცული სიწმინდეები კი მონასტრის ახლოს, ერთ–ერთ გამოქვაბულში გადამალეს. ბერები ტაძარს მალევე დაუბრუნდნენ. 1811 წელს ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ათანასეს მიენდო, რომელიც 1822 წლის შემდეგ მოსკოვში, ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, ხოლო მრავალ განსაცდელს გამოვლილი ქვათახევის მონასტერი იმჟამად არსებული ე.წ. საქართველო–იმერეთის სინოდიალური კანტორის წარდგინებით რუსეთის უწმინდესმა სინოდმა თბილისში, ავლაბრის გორაზე გადაიტანა და მას ფერისცვალების მონასტერი უწოდა. მასვე დაუმორჩილეს შიომღვიმის მონასტერიც. შიომღვიმეში კი გადაიტანეს ქვათახევში დაცული სიწმინდეები – წმინდა ევგენია მოწამის თავის ქალა, წმინდა დიდმოწამე გიორგის თეძოს ძვლის ნაწილი, წმინდა დიმიტრის ხერხემლის ნაწილი, ქვათახევის ერთ–ერთი წამებულის თავის ქალა. ერთ–ერთი ცნობით, ეს წმინდა თომას თავის ქალაა. ქვათახევში დაცულ სიწმინდეთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მოოქროვილი ვერცხლის თხელი ფენით დაფარული ხის სინი, რომელზეც, გადმოცემის მიხედვით, საიდუმლო სერობისას ტრაპეზი დამზადებულა. სინი მე–19 საუკუნემდე საქართველოს ეკლესიაში ინახებოდა და მის შესასწავლად სპეციალური კვლევები ჩატარდა. პლატონ იოსელიანი მის შესახებ წერდა: "ჯერ კიდევ ჩანს ანგელოზის ფრთა და მოციქულთა სახეები, მაგრამ დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ პეტრე მოციქულის სახე. წარწერა ქართულია, მაშასადამე, სამკაული საქართველოშია გაკეთებული, დაფარულია თხელი ოქროვერცხლიანი ჩარჩოთი, მოციქულების ამოზნექილი სახეებით. ფიცარი იმდენად ძველია, რომ ხელის შეხებით იფხვნება. ჩარჩო კი ამოვარდნილა. ეს სინი მთელი არ არის, ნახევარია. ეტყობა, ოვალური ფორმისა იყო. გადმოცემით, იგი საბერძნეთიდან, ბერძენთა მეფის ასულის, ელენეს მიერ არის მოტანილი". ელენე მეფე ბაგრატ კურაპალატის მეუღლე იყო. 

ქვათახევის მონასტერთან არსებულა სამედავითნო სკოლაც, სადაც თავის დროზე განათლება მიუღია წილკნელ ეპისკოპოს ტარასის. მისი ნათლული გახლავთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. 

მართალია, ქვათახევის სიწმინდეების უმეტესი ნაწილი დღეს იქ აღარ ინახება, მაგრამ ტაძარში დაცულია იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. წლების წინ დაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი კი, რომელიც ადრე ტაძრის კანკელზე შესრულებული ხატის ასლია, დღესაც სასწაულმომქმედად ითვლება და მას განსაკუთრებით უშვილო წყვილები ევედრებიან. 

ქვათახევის მონასტერს უშვილობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება. წლების განმავლობაში აქ ფალოსის ქანდაკება ინახებოდა. ამბობდნენ, ვინც ამ ქანდაკებასთან მივა, შვილი აუცილებლად ეყოლებაო. ქვათახევის ბერებმა არ იციან, საიდან და როგორ გაჩნდა წარმართული ქანდაკება ამ ტაძარში. "ვიღაცას ხელი ეფხანებოდა და გააკეთა. მოვაშორეთ აქედან და არც დავინტერესებულვართ, ვინ და რატომ მოიტანა. არც ის ვიცით, ძველი გამოკვეთილი იყო თუ ახალი. ათასი ჭორი გაგვივრცელეს – ვითომ უშვილობას შველის ის ქვა და ამ დროს ბერებთან დადიან უშვილო ქალებიო. ქანდაკება კი არა, ქვათახევის ღვთისმშობელია უშვილოთა შემწე", – ამბობენ ბერები. 

მონასტერთან რამდენიმე მთის წყარო ჩამოედინება. ხალხში გავრცელებული რწმენით, ამ წყლებს მაკურნებელი ძალა აქვს. "უქარქაშო ხმლებში" მწერალ ლევან სანიკიძესაც აქვს ნახსენები ამ წყაროების ძალა. მონასტრის ბერები კი, რომლებიც საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევიან, ამბობენ, რომ წყარო კი – არა, უფალია მკურნალი და ვინც იქ რწმენით მიდის, ყველას სწყალობს. "ბევრს უთქვამს, ქვათახევის ღვთისმშობლისთვის რაც მითხოვია, ამსრულებიაო", – გვითხრეს ბერებმა. 

ქვათახევში მონასტრული ცხოვრება 2002 წლიდან აღდგა. ხელახლა აშენდა სატრაპეზო, ბერების საცხოვრებელი სენაკები. იქ ახლა ოთხი ბერი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ქვათახევი დედა ღვთისმშობლის მეშვეობით კვლავ იბრუნებს ძველ დიდებას და და მასზე აღსრულდება საუკუნეების წინათ თქმული წინასწარმეტყველება – "გამდიდრდებიან უდაბნონი წამებულნი და სიხარულით შეიმოსებიან მთანი შენნი". 
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 813 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz