საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 18.04.2024, 20:35

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » მოქვის ტაძარი

მოქვის ტაძარი

17:08

მოქვის ტაძარი ოჩამჩირის რაიონში, მდ. მოქვის ნაპირას მდებარეობს. ეს ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებ მოგვეპოვება წერილობითი საბუთი. „მატიანე ქარლისაჲ" გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის, გიორგის ძე ლეონი (გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ბიძა) კახეთში იყო სალაშქროდ, როცა მამის გარდაცვალების ამბავი მოუვიდა. „შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვსსა, რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად, და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი. მსგავსად მამისა მისისა, იყო იგიცა ღმრთისმოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა..." თვით ის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭიროდ ჩათვალა ტაძრის აგება საგანგებოდ მოეხსენიებინა, მოწმობს, რომ მოქვი მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად იყო მიჩნეული.

მოქვის ტაძარი

ლეონის მეფობის მიხედვით, ძეგლის თარიღი 957-967 წლების ფარგლებში ექცევა. მოქვის საეპისკოპოსო კათედრის დაარსება მეტყველი ფაქტია, რომელიც მოწმობს, რომ მისი აგება ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცების ვითარებასთან, ე.ი. ბიზანტიური საეკლესიო გამგებლობისაგან თავის დაღწევასთან იყო დაკავშირებული. მოქვის ეპარქიას შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. XVIII ს. I ნახევრისათვის გვაქვს ვახუშტის ცნობა („აღწერა სამეფოსა საქართველოსა"). „ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე ჩრდილოდამ სამხრით. გამოსდის კავკასს და მიერთვის ილორის ზღვას. ამ მდინარესა ზედა, მთაში, არს მოქუს ეკლესია გუმბათიანი, დიდნაგები, აღაშენა თ (მეცხრე) მეფემან აფხაზთამან ლეონ შემკობითა დიდითა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქვის მდინარის შორისის ადგილისა". დავით აღმაშენებლის დროს, იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოსის ცნობით, მოქვის ტაძრის კედლები მოუხატავთ. XIX ს-ის დასაწყისში ტაძარი მიტოვებული და გაძარცვული იყო, მაგრამ საუკუნის შუა წლებში აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ ტაძარი აღადგინა და თავის საგვარეულო საძვალედ აქცია. რა თქმა უნდა, შენობის გარეგნობამ თავდაპირველი სახე დაკარგა - აღარაფერი დარჩა იმ ორნამენტებისა, რომელსაც ახსენებს დ.ბაქრაძე (მან აღდგენამდე ნახა დაზიანებული ეკლესია, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ძველი დეტალები).

მოქვის ტაძარი ბევრად უფრო მონუმენტურია, ვიდრე ანაკოფია და ლიხნე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს უნიკალური ძეგლიც კი არის. უფრო რთულია გეგმაც: დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია ბოძების ერთი წყვილის დამატებით: სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, დამატებულია სამლოცველოების მწკრივები, რომლებიც თითქოს მეოთხე და მეხუთე ნავებს ქმნიან (თუმცა ნამდვილად ნავები არ არის). ნართექსისა და სამლოცველოების თავზე აქაც მეორე სართულია, რომელიც მთელ ეკლესიას უვლის გარს სამი მხრიდან. გუმბათი აქაც ოთხ ცალკე მდგომ ბოძს ემყარება. აღმოსავლეთის მხრივ აქაც სამი ძლიერ შვერილი აფსიდია. ამ დამატებათა წყალობით, ეკლესიის შიდა სივრცე გაზრდილიც არის და რიტმულად გართულებულიც. მიღწეულია გარკვეულად საზეიმო შთაბეჭდილება, რასაც ძირითადი კორპუსისა და გუმბათის ყელის დიდი სიმაღლეც უწყობს ხელს. აქ განსაკუთრებით საგრძნობია პროპორციულ შეფარდებათა შეცვლა წინა ეპოქის ძეგლებთან შედარებით. ზემოთ რომ ძეგლის უნიკალურობა ვახსენეთ, ვგულისხმობდით სამხრეთისა და ჩრდილოეთის სამლოცველოთა მწკრივებს, რომლებიც არსებით კვალს ამჩნევს შენობის ინტერიერსაც და გარეგნობასაც. ასეთი რამ სხვაგან არსად გვხვდება. როგორც შუა საუკუნეების ყველა დიდი ქართული სატაძრო ანსამბლი, მოქვიც კულტურული ცენტრი იყო, სადაც ინტენსიური მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. 
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 644 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz