საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:44

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » urbnisi

urbnisi

23:10

სოფელი ურბნისი ნდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 10 კილომეტრის მანძილზე.
 ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე (ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაქალაქარი) და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოდ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანიდან სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად აქ წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ამ დროს აქ გამავალი სავაჭრო გზების წყალობით ურბნისი მჭიდრო ურთიერთობაშია გარე სამყაროსთან. დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი უცხო დამპყრობლებს დაუქცევიათ და გადაუწვიათ. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან საქალაქო ცხოვრება კვლავ აღორძინდა. ანტიკურ ხანაში ურბნისი დაწინაურდა, გაიზარდა, ეწეოდა გაცხოველებულ ვაჭრობას (გათხრების შედეგად აღმოჩნდა მრავალი უცხო წარმოების საქონელი და მონეტები). ქალაქი უბნებად ყოფილა დაყოფილი. მოქმედებდა წარმართული „ცეცხლთა, ქვათა და ძელთა" თაყვანისმცემელთა ტაძარი, ებრაელთა სამლოცველო. ქალაქი უზრუნველყოფილი იყო წყლით - ჩრდილოეთის მხრიდან კერამიკული მილებით გამოყვანილი იყო სასმელი წყალი, ლიახვიდან კი სარწყავი არხით (25 კმ) სამეურნეო წყალი (ანტიკური ხანის ეს საინტერესო ნაგებობა დღესაც მოქმედებს). იყო აბანო და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები. ქალაქს სამი მხრიდან მტკიცე გალავანი ჰქონდა შემოვლებული.

ურბნისის აშენება, ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად, „ქართლის ცხოვრება" მცხეთოსის შვილს უფლოსს მიაწერს. ურბნისი იხსენიება ქრისტიანული რელიგიის მქადაგებლის წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ნინო აქ ერთი თვე გაჩერებულა და შემდეგ სალოცავად და სავაჭროდ მიმავალ ურბნისელებს გაყოლია მცხეთაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს აქ საეპისკოპოსოს დაარსება და V-VI საუკუნეების მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის, ხოლო ცოტა მოგვიანებით ქალაქის ალიზის დიდი გალავნის მშენებლობა. ფეოდალურ ხანაში შეიცვალა ქალაქის სამეურნეო პროფილი. დაქვეითება დაიწყო საქალაქო მეურნეობამ, ვაჭრობამ. სამაგიეროდ გაძლიერდა და ქალაქის ეკონომიკის განმსაზღვრელი გახდა სოფლის მეურნეობის დარგები. ამასთან, ურბნისის ეკონომიკური და კულტურული დონე კვლავ მაღალი რჩება.
736-738 წლებში ქალაქი თითქმის მოსპობამდე მიუყვანია არაბთა ლაშქრობას, რომელსაც სათავეში ედგა მურვან ყრუ. ურბნისი მანამდეც მრავალჯერ გადაუწვავთ, მაგრამ ასე ძლიერ სხვა დროს არ განადგურებულა. უთვალავი ჯარით მოსულ სარდალს, როგორც იტყვიან, ქვა ქვაზე არ დაუტოვებია. განურჩევლად ხოცავდა და ჟლეტდა დიდსა და პატარას, ბავშვსა და მოხუცს, მეომარსა თუ დავრდომილს, დაწვა და გაანადგურა ქალაქები და სოფლები, ყოველი დასახლებული ადგილი. ამ უმაგალითო სისასტიკის მსხვერპლი გახდა ქალაქი ურბნისიც. არქეოლოგიურმა გათხრებმა თვალწინ გადაგვიშალა ერის დიდი ტრაგედიის ერთი ფურცელი, მთელი ქალაქი ნაცარტუტად ქცეულა. ყველგან ეყარა დამწვარ-დამსხვრეული საოჯახო ჭურჭელი. გაქცეულთ ზოგს სად წასწრებია ცეცხლის ალი და ზოგს სად, ქვევრებში კი თავდაყირა ჩაუყრიათ ბავშვები. ამის შემდეგ ურბნისი ქალაქად აღარ იხსენიება. აქ რჩება მხოლოდ საეპისკოპოსო რეზიდენცია, რამაც XIX საუკუნემდე იარსება. ფეოდალური ხანის ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა 1104 წლის საეკლესიო კრება. ურბნისი ფეოდალური ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანია აქაური სახარება (X საუკუნე; გადამწერი იოანე ტატანელი).
ნაქალაქარ ურბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა.
ნაქალაქარ ურბნისის ტერიტორიაზე შემდეგი ძეგლებია: გალავანი (ძვ. წ. IV-III - ახ. წ. VII სს.), აბანო (III ს.), მარანი (VI-VII სს.), წყალსადენი, სამეურნეო წყლის არხები, ბაზილიკა - ურბნისის სიონი (V-VI საუკუნეების მიჯნა), სამრეკლო (XVIII ს.) და სხვა.

გალავანი. ქალაქი ურბნისი მდინარე მტკვრის მხრიდან ბუნებრივად იყო დაცული. დანარჩენი სამი მხრიდან, გაშლილი ვაკის მხარეს, შემოვლებული ჰქონდა ზღუდე. გათხრებმა გამოავლინა ქალაქის გამაგრების სამი პერიოდის სისტემა: ანტიკური ხანის, ადრინდელი ფეოდალურისა და ქალაქის გადაწვის შემდგომი ხანის. ქალაქს ორი მთავარი შესასვლელი ჰქონდა: ერთი ჩრდილოეთით ცენტრში დაბლობიდან, ხოლო მეორე - სამხრეთით, მტკვრის მხარეს პატარა ხევიდან (მდინარეში შემორჩენილია ქვის ხიდის ბურჯები). ანტიკურ ხანაში ქალაქს უვლიდა რიყის ქვით ნაგები სქელი (4 მ) კედელი (ფრაგმენტი შემორჩენილია ქალაქის დასავლეთ მონაკვეთში). ამ კედლის გარე პირი ვერტიკალურია, ხოლო შიდა – დაქანებული. დამწვარი რიყის ქვები მოწმობს, რომ კედელი ძლიერი ხანძრის შედეგად დანგრეულა.
მეორე პერიოდის (VI საუკუნის შუა წლები ან მეორე ნახევარი) კედელი ალიზისაა (0,52 X 0,52 X 0,12 მ). კედლის პერიმეტრია 2 კილომეტრი, შემოზღუდული ტერიტორიის ფართი 23 ჰექტარი, კედლის სისქე 4,5 მეტრი. მიუხედავად დაზიანებისა შესაძლებელი გახდა გალავნის გეგმის აღდგენა. მდინარის მხარეს 20-25 მეტრი სიმაღლის ფლატეს მხოლოდ კედელი გასდევს, დანარჩენ სამ მხარეს კედელში, ყოველ 60-65 მეტრში, ჩართულია კოშკი ნახევარწრიული შვერილით. სავარაუდოა, რომ მთელ პერიმეტრზე 18 ასეთი კოშკი იყო. მათგან მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეების კოშკები იყო დიდი, დანარჩენები უფრო მომცროა. კოშკებს ჰქონდათ რადიალურად განლაგებული სამზერები, ხოლო პარაპეტიანი საბრძოლო ქონგურებით შემოსაზღვრულ გალავანს ზევით საბრძოლო ბილიკი გასდევდა.
მესამე პერიოდის (მურვან ყრუს დალაშქვრის შემდგომ) გამაგრების სისტემა წარმოადგენს მიწაყრილს თხრილით. დიდი ხანძრისა და ალიზის კედლების განადგურების შემდეგ კედლის ირგვლივ ამოუღიათ თხრილი (სიღრმე 8-10 მ., სიგანე 30-40 მ.) აქედან ამოღებული მიწით კი ალიზის ზღუდეა დაფარული.



აბანო (18,2 X 11,4 მ) მდებარეობდა ანტიკური ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თარიღდება III საუკუნით. მის ნანგრევებს ფარავს მოგვიანო ხანის (VI-VII სს.) მარანი. აბანო ძირითადად ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შედგება ანფილადურად განლაგებული სამი სათავსისაგან. გეგმა ირეგულარულია. სათავსები წაგრძელებული, ბოლოში მომრგვალებული გადახურვა ყველგან კამაროვანი იყო.
პირველი სათავსი გასახდელ-მოსაცდელია ცივი აუზით, მეორე თბილი აბანოა, ხოლო მესამე – ცხელი. საქვაბე ცხელი სათავსის გარეთ იყო, დასავლეთით. მიკვლეული მასალა მოწმობს აბანოს ქვედა სართულში კალორიფერების სისტემის არსებობას. აბანო გვიანდელი ანტიკური ხანის ტიპიური ნაგებობაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყალსადენი და სარწყავი არხები. ურბნისის ტერიტორია მარაგდებოდა სასმელი და სამეურნეო წყლით. კირის მკვრივ დუღაბში ჩადგმული წყალსადენის სხვადასხვა ზომის კერამიკული მილების ფრაგმენტები მიკვლეულია ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე. საიდან იყო გამოყვანილი სასმელი წყალი დაუდგენელია.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ურბნისი და მიმდებარე ტერიტორია სამეურნეო წყლით მარაგდებოდა მდინარე ლიახვიდან გამოყვანილი მაღალი საინჟინრო ხელოვნებით ნაგები არხით (სიგრძე 20 კმ). ამ საირიგაციო სისტემის დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებს. გათხრებით მიკვლეულია სხვადასხვა ხასიათის სამი არხი-გვირაბის ნაშთი.
პირველი გვირაბი აღმოჩნდა დასავლეთით. გაითხარა გალავნის ქვეშ მიმავალი დიდი ზომის კარგად გათლილი და ერთმანეთს მორგებული ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გვირაბის დაზიანებული ნაწილები. გვირაბიდან გამოსული წყალი ღია ქვის არხში მიედინებოდა.
მეორე გვირაბი გაითხარა ალიზის გალავნის ქვეშ, კოშკის ჩრდილოეთით. ნაგებია დიდი ზომის აგურით. გვირაბის ძირზე, კირის ხსნარზე დაგებულია აგურის ერთი ფენა. კედლები ამოყვანილია აგურის სამ-სამი რიგით, კედლები სიმაღლით ერთმანეთს უახლოვდება და გადახურულია აგურის ორი რიგით. გვირაბი დაქანებულია ქალაქისკენ. მისი ბოლოები ორივე მხარეს 0,25-0,3 მეტრით გამოშვერილია ალიზის კედლიდან.
მესამე არხი-გვირაბის ნაშთი გაითხარა ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. არხი გრძელი ყოფილა (შემორჩენილია 50-60 მეტრის სიგრძეზე). არხის ძირზე დაგებულია გვერდებაკეცილი კრამიტი, ხოლო კედლები და გადახურვა ქვის ფილებისაა, დუღაბი - კირის. გვირაბს დაქანება არა აქვს (?). ამ ნაგებობების დანიშნულება იყო წყლის გატარება ქალაქის გალავნის ქვეშ.

ურბნისის სიონი დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში. გაიწმინდა ნაწილობრივ მიწით დაფარული ეკლესიის ინტერიერი, აიყარა გვიანდელი აგურის იატაკი, დადგინდა იატაკის თავდაპირველი დონე, გამოვლინდა ბოძების და პილასტრების პირვანდელი ბაზისები. იატაკის აყრის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ფრაგმენტი (მათ შორის პირვანდელი ეკლესიის რელიეფების ბოლნური ჯვრების, ლავგარდნებისა და სხვა ფრაგმენტები) და სამარხები; მოიხსნა XIX საუკუნის გაჯის შელესილობა; ტაძრის გარშემო აღმოჩნდა დამატებითი ნაგებობების ნაშთი და სხვა.
ურბნისის ტაძარი სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე, V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. აღნიშნულ წარწერაში, რომელიც ერთ-ერთი შეკეთების დროს ჩრდილოეთ ფასადზე ჩაუდგამთ, მოხსენიებულია ეკლესიის მშენებლები, ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი. აღმოსავლეთ ფასადის ორ ვრცელ ასომთავრულ წარწერაში ნათქვამია, რომ სანახევროდ დანგრეული ტაძარი აღუდგენია ურბნელ „ებისკოპოსს" თეოდორე ლუკას ძეს ვინმე კონსტანტინე მიქელის ძის „თანაშეწევნით" და ქავთარისა და მისი ოჯახის წევრების დახმარებით. ეს წარწერები ამოუკვეთია ვინმე აბიათარს. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები შეიძლება დათარიღდეს IX საუკუნის მეორე ნახევრით ან X საუკუნით. სამხრეთ კარის ტიმპანის მხედრულ წარწერაში კტიტორი, ვახტანგ V-ის მეუღლე, დადიანის ასული მარიამ დედოფალი გვაუწყებს: „... აღვაშენეთ ძირითურთ აღმოფხვრული ტაძარი ...". ეს მოხდა 1668 წელს. როგორც ძეგლის შესწავლამ აჩვენა, ამ დროს ტაძრის აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაუტარებიათ. არის კიდევ რამდენიმე ცუდად შემონახული წარწერის ფრაგმენტები.
ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1 X 22,4), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიათებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებზე ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII საუკუნეების მიჯნა) და შემდგომი (IX საუკუნის მეორე ნახევარი ან X საუკუნე და 1668 წელი) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ნაწილები ამოყვანილია კარგად გათლილი და ურთიერთმორგებული ქვიშაქვის კვადრებით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ რიგების ჰორიზონტალობა დაცულია. მომდევნო პერიოდებში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვაა გამოყენებული, წყობა ირეგულარულია; XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილები მთლიანად, აგრეთვე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი, აგურით აღუდგენიათ და გვერდის ფასადებზე აგურისავე ორ-ორი კონტრფორსი მიუშენებიათ.
ტაძარში სამი შესასვლელია. პირველი სამშენებლო ფენიდან მხოლოდ სამხრეთის შესასვლელზეა შემორჩენილი არქიტრავის ქვის ჩამონატეხები და ნალისებრი ლუნეტის ნაშთი. XVII საუკუნეში ლუნეტი ამოუვსიათ წარწერიანი ქვებით, ხოლო ღიობი დაუვიწროვებიათ. დასავლეთის მაღალი შესასვლელი გვიანდელია. იგი ქვემოდან ზემოთ არათანაბრად ვიწროვდება. გვიანდელია აგრეთვე ჩრდილოეთის პატარა არქიტრავული შესასვლელი (ამოშენებულია), რომელიც გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კუთხესთან, სამკვეთლოს წინ.
ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ოთხი წყვილი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ბოძები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული აგურის საბჯენი თაღები შუა ნავის სივრცეს ხუთ, თითქმის ტოლ მონაკვეთად ჰყოფს. ნავი გადახურულია აგურის ნახევარწრიული კამარით. ასევე ხუთ მონაკვეთად არის დაყოფილი გვერდის ნავების გარე გრძივი კედლები. აქ ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა მეოთხედი წრის ფორმის აგურის კამარის საბჯენი თაღები, ხოლო პილასტრების ქვედა სახურავის იმპოსტებზე დეკორატიული თაღები გადადის. შუა ნავი, რომელიც ღრმა აფსიდით მთავრდება, ორჯერ განიერია გვერდის ნავებზე. აფსიდი გადაკეთებულია, სავარაუდოა, ნალისებრი იყო. მისი კედლის სამხრეთ მხარესთან იწყება საფეხური, რომელიც თანდათან ვიწროვდება და კედლის ხაზს უსწორდება. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით იყო ამაღლებული. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ქვეშ დიდი ზომის ტრაპეციული სატრაპეზო ქვა დგას (ეკლესიის გაწმენდის დროს იგი აფსიდის ჩრდილოეთ პილასტრის წინ იდგა). აფსიდის სარკმელი მაღალია, ერთ მთლიან ქვაში გამოჭრილი, აგურის თაღი აქვს და შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. თითო ასეთივე სარკმელია სამივე ნავში. შუა ნავის გრძივ კედლებში, ხუთივე მონაკვეთში შიგნით განიერი, გარეთ ვიწრო თითო თაღოვანი სარკმელია. თითო ოთხკუთხა სარკმელი გვერდის ნავების გრძივი კედლების ყოველ მონაკვეთშია. აფსიდის კონქი ისრული მეოთხედსფერული კამარით არის გადახურული. შეისრული სატრიუმფო თაღი ეყრდნობა იმპოსტებს, რომლებიც იმეორებენ თავდაპირველი ბოძების კაპიტელების პროფილს. აფსიდის გვერდებზე თითო ოთხკუთხა, თითქმის ტოლი, მაღალი, აგურის ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი - სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო სარკმელი მოგვიანებითაა გაჭრილი. სადიაკვნეში სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. სამკვეთლოში აგურის სატრაპეზოს ნაშთია. სადიაკვნეს და სამკვეთლოს აგურის ისრული თაღებით დასრულებულ შესასვლელ ღიობებს გადაკეთების კვალი ეტყობა. გვიანდელია სადიაკვნეს ზემოთ გაჭრილი კარი და მცირე სათავსი სახურავის ქვეშ. ამ სათავსიდან ან სამხრეთ ნავის სახურავიდან, კედელში გაჭრილი მცირე კარით, საკურთხევლის კონქის ზემოთ არსებულ სათავსში შეიძლება მოხვედრა.
შუა ნავის სამხრეთ ბოძების რიგმა და მათზე გდაყვანილმა თაღებმა პირვანდელი სახით მოაღწია. თაღების მარტივპროფილიანი იმპოსტები მთლიან ოთხკუთხა ქვაშია გამოკვეთილი, ბაზისები კი კუბურია. აღდგენისას უცვლელად დაუტოვებიათ ჩრდილოეთ ბოძების განლაგებაც. საკურთხეველთან მდებარე ორი ბოძი მთლიანად აგურისაა, ხოლო დანარჩენი - ქვის. აღდგენილი ბაზისები ბოძების ჯვრულ გეგმას იმეორებს.
ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა ნავის ზედა შუა ნაწილში, ერთადერთი გვიანდელი დეკორატიული ელემენტებია - აგურით გამოყვანილი მარტივი ჯვარი, რომლის მკლავების გადაკვეთაზე ოდნავ ამოწეული კვადრატული მასაა. ასეთივე ჯვარია დასავლეთის ფასადზე. აღმოსავლეთ ფასადის დიდი სარკმლის თავზე პატარა სწორმკლავებიანი ჯვარი, ხოლო მარჯვენა სარკმლის ზემოთ, წრეში ტოლმკლავიანი ჯვარია ჩასმული. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში, სარკმლის ქვეშ ქვაა ჯვრის გამოსახულებით (გვერდზეა გადაწვენილი), კიდევ ქვემოთ კი ცხენის გამოსახულებაა (ეს ქვები აქ შემთხვევით არის ჩადგმული 1668 წლის შეკეთების დროს). ეკლესიას აგურის კბილანა ლავგარდანი აქვს. სახურავი კრამიტისაა.
ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე, მინაშენები ჰქონდა. სამხრეთის მინაშენი, რომელიც აღმოსავლეთით ეგვტერით მთავრდება, პირვანდელი ნაგებობის თანადროულია (მოგვიანებით რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ.) მინაშენების დანარჩენი ნაწილი გვიანდელია. მათში ეკლესიის ფრაგმენტებია ჩაშენებული. ტაძარს დასავლეთითაც ჰქონდა მინაშენი. გამოვლენილია კედლების ნაშთი ეკლესიიდან 2,5 მეტრზე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამრეკლო დგას ტაძრის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე. დასავლეთ ფასადის ვრცელი წარწერის თანახმად, აგებულია 1706 წელს, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით. სარქარი ყოფილა მეფის ბებიდასშვილი ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტოფორე ფალავანდიშვილი. სამრეკლო (9,1 X 10,2 მ) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. ორი ქვედა სართული ერთიანი კუბური მასაა, ხოლო მესამე – ღია თაღოვანი ფანჩატური. I სართულზე, შუა კამაროვანი გასასვლელის ორივე მხარეს, სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია. სამხრეთ კედელში დატანებული კიბე II საცხოვრებელ სართულზე ადის. ამ სართულს აღმოსავლეთით, მთელ სიგრძეზე, განიერი აივანი გასდევს, ხოლო დასავლეთ მხარეს ოთახები და კიბის უჯრედებია. კედლებში სარკმლები, ბუხარი, ნიშები და სათოფურებია. III სართულზე, ცენტრში რვაგვერდა, ნახევარწრიული თაღებიანი აგურის ფანჩატურია. ღიობებს შემოვლებული აქვს უწყვეტი თაღოვანი ლილვები; დასავლეთით, შუა ღიობის ღერძზე, ზემოთ, პატარა ჯვარია გამოყვანილი.
ფანჩატური გადახურულია მაღალი კონუსური აგურის გუმბათით. დასავლეთის ფასადს საზეიმო იერი აქვს - შესასვლელის ორი ერთმანეთში ჩამჯდარი ისრული თაღი სწორკუთხედებშია მოქცეული. აღმოსავლეთის ფასადის წამყვანი ელემენტებია მაღალი თაღოვანი ჭიშკარი და II სართულის ღია აივანი. ეს უკანასკნელი ელემენტი განასხვავებს ურბნისის სამრეკლოს ამ ტიპის სხვა თანადროული ნაგებობებისაგან. სამრეკლოს თავდაპირველად ბანური გადახურვა ჰქონია, ამჟამად გადახურულია თუნუქით.


 

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 858 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz