საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 03.12.2024, 19:36

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » ეპარქიის ისტორია

ეპარქიის ისტორია

10:40
თვითონ რუისში რამდენიმე ეკლესიაა ( კვირაცხოვლის, კვირიკეწმიდის, ღვტისმშობლის ორი), მათ შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფერისცვალების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი საკათედრო ტაძარი თავისი კოშკ-სამრევლოთი და გალავნით, გადმოცემთ რუისის ტაძარი აუგია წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს (503 წ.). ამ ხნის ნაგებობას დღემდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, უძველესი VIII-IX საუკუნეებს ეკუთვნის. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, ხოლო XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭესთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ". საეპისკოპოსო კათედრას დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალიც: "ზრუნვა და საურავი ხელიყო ბურდუხან დედოფლისა".

თემურ-ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ): "ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვლავ აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ იყოს". ეკლესიის სამხ. ფასადის წარწერაზე კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: "გალატოზთა ძედა ზედა მომგესა შალვას შეუნდევს ღმერთმან, ამინ".

ის, რომ რუისის საკათედრო ტაძარი აღუდგენია ალექსანდრე I-ს XV საუკუნეში, "ქართლის ცხოვრებიდანაც" ვიგებთ: "ხოლო მაშინ ვინაითგან დაემშვდნენ ყოველნი თვისნი ქუეყანანი, შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებული და წარჩინებულნი, ერისთავთ-ერისთავნი და განიზრახა მათ თანა აღშენებისათვის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოხრებულთა ეკლესიებთა, რამეთუ ვინაითგან განმკვდრებულ იყვნენ მთავარნი, ვითარცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა. ხოლო დაღათუ გამოსცვლიდიან და იყვნიან მორჩილებასა ქუეშე მეფეთასა, არამედ მონათესავეთავე აღიყვანიან პატივთა ზედა მათთა... ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, განიხარეს ყოველთა და შეჰკუეთეს ყოველთა საბრძანებელთა თჳსთა, თჳნიერ სამეფოსა გამოსაღებისა, ყოველსა გლეხსა ერთსა კუამლი ზედა სამი კირმანაული, რომელი არს ექუსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდიან ამა წლითი წლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაების ეკლესიისა და სუხათა ეკლესიათა... გარნამოეცაცა მას მშვდობა ღვთისაგან, ათხუთმეტსა წელსა და შეასრულმა განზრახუანი თვსნი".

XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზი და ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1820 წელს თებერვალში მიწისძვრამ ტაძარი ძლიერ დააძიანა, ამის გამო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1936-1938 და 1950-1953 წლებში.

რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის საკათედრო ტაძარში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (წმ. დავით აღმაშენებლის მამა - 1072-1089 წწ) - "აქა ყოფასა შინა მეფისა თანა იყო გიორგი მთაწმინდელი, ხოლო ლიპარიტ მოითხოვა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი მეფედ. მოსცეს დიდებულთა აფხაზთა და აკურთხა რუისს მეფედ და მოუდგინა დაი ბაგრატ მეფისა გურანდუხტ მზრდელად".

რუისი წარმოადგენდა საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას, სადაც მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს), ცნობილი მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს), დიონისე ლარაძე (XVI ს), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ), იოანე გედევანიშვილი (1737-1821 წწ) და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება.

არანაკლებ ისტორიული მოვლენებია დაკავშირებული ურბნისის კათედრალთანაც, რომლის აგებაც, როგორც უკვე ითქვა ათცამეტ სირიელ მამათაგანს - თათე სტეფანწმიდელს მიეწერება. ურბნისის სამნავიანი ბაზილიკა აკადენიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ადრევე იყო დათარიღებული V-VI საუკუნეთა მიჯნით, რაც დაზუსტებულ იქნა მკვლევარების მიერ ჩრდილოეთ კედელზე არსებული წარწერის მეშვეობით.

ურბნისის ტაძარს მრავალი ცვლილება განუცდია, პირველი ზიანი როგორც ეტყობა ეკლესიამ განიცადა VIII საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ, როდესაც გამძვინვარებულმა არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ გადაწვა და დაარბია ქალაქი.

ტაძრის სამხრეთის კედელში ჩაყოლებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროს ტაძარი მეტად დაზიანებულა. ეს ასომთავრული წარწერა ქარაგმების გახსნით შემდეგნაირად იკითხება: "უფალო ღმერთო, შეიწყალე თეოდორე ეპისკოპოზი, ძეი ლუკასი, მაშენებელი ამის სიონისაი, ოდეს ღმერთმან ღირს მყო ამის სიონის ეპისკოპოზად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომისა. ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქტცი (?) დამპალ იყუნეს და მოგმადლა ამას ყოვლისაი აღშენებაი, ყოველთა გაკეთებაი ძალთაი ღმრთისაითა, მეოხებითა ყოველი გათავებულ მიქმნია". წარწერას თარიღი არა აქვს, ხოლო პალეოგრაფიული ნიშნებით იგი X საუკუნით თარიღდება. ამდენად, VIII საუკუნეში არაბების მიერ დაზიანებული და შემდეგ, ორი საუკუნის მანძილზე უყურადღებოდ დატოვებული ურბნისის ეკლესია X საუკუნეში აღუდგენია ურბნელ ეპისკოპოსს, თეოდორეს.

მურვან-ყრუს მიერ დანგრეული ქალაქი აღარ აღორძინებულა, როგორც ჩანს საამისო პირობები მას აღარ ჰქონია. ქალაქობის პერიოდში ურბნისი საეკლესიო სოფელს წარმოადგენდა, მისი მცხოვრებლები ურბნისის ეკლესიის ყმები იყვნენ და ფეოდალურ გამოსაღებებს უხდიდნენ მას.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანიდან (XV-XVIII სს) შემონახულია საბუთები, რომლებიც მოწმობენ, რომ ქართლის მეფეები, როცა კი მშვიდობა იყო, ზრუნავდნენ ურბნისის საეპისკოპოსოს შემწეობაზე, მისი ტაძრის შეკეთება-აღდგენაზე, მისთვის სხვადასხვა შესაწირავის მირთმევაზე.

როგორც ჩანს, XIII-XVI საუკუნეთა დაუდგრომელ შემოსევა-რბევა-აოხრებით აღსავსე ხანაში, როცა ქართველი ხალხი გმირულად იცავდა თავის არსებობას და თავისუფლებას მონღოლთა, თემურ-ლენგის ურდოებისა და ბოლოს სპარსელ-ოსმალთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლებში, ურბნისის საეპისკოპოსო სავსებით მოიშალა, ქართლის მეფე სიმონ I (1556-1601 წწ) ზრუნავს მის აღდგენაზე, რასაც გვამცნობს მისი 1556 წლის სიგელი, სადაც აღნიშნულია: ”...ძველითგან მრავალჟამ დავიწყებული საეპისკოპოსო ურბნისი... მოშლილ იყო ჟამთა ვითარებისაგან და უღმრთოთა აგარიანთა ხელითა ტყუედ ქმნილ იყო განძი და გუჯარი მისი ძალითა შეწევნითა ღმრთისათა ხელ ვჰყავ და ვიწყეთ განახლებად ამისად”. მეფე უახლებს ურბნისის ტაძარს მამულების მფლობელობას. სიგელში აღნიშნული ”განახლება” გულისხმობს არა ეკლესიის განახლებას, ანუ შენობის შეკეთებას, არამედ - ”მოშლილი” საეპისკოპოსოს განახლებას.

1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა, ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა ”შემუსვრილი აღაშენა და განაახლა” ურბნისის ტაძარი და ”მოზღუდა ქვითკირითა”

ვახტან VI-ს შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს რაზეც გვამცნოს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნანახი და გამოცემული (ამჟამად დაკარგული) ქვაზე ამოჭრილი პატარა ლექსი.

აქ განვასრულე გალავანი ქორონიკონს უნ კან

ძენით (ე.ი. 1939 წ.)

ისმაიტელ ერთა მიერ ჩვენ ვიყვენით განუ-

სვენით

რაც დამცალდა კარგად ვამკობ, ამ მყოფი

ნუ მოიწყენთ

და შემდგომ ჩემსა ვინაც დამკვიდრდეთ, უბადრუკი

მომიხსენეთ

ამინ ურბნელი ნიკილოზი”.

ნიკოლოზ ხერხეულიძე რომ მართლაც განაგებს ამ დროისათვის ურბნისის კათედრალს, ვიგებთ ”ქართული სამართლის ძეგლებში” არსებული ისტორიული მასალით, სადაც შემონახულია ”წიგნი დომენტი კათალიკოზისა ავალიშვილისადმი ნიკოლოზ ურბნელისათვის სამწყსოს განწესების შესახებ”, რომელიც მიწერილია 1739 წლის მარტში.

ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.

XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.

საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძეთ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.

XVIII საუკინეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.) რომელმაც (როგორც უკვე აღინიშნა) იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა, როგორც ირკვევა ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს - ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერავს საგალობლები.

ურბნისის სიონი დღეისათვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც ღვთის დიდი წყალობით, მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 733 | დაამატა: PumBaa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz