ურბნისი საქართველოს ისტორიის ნაწილია. ქართველ ერს წილად ხვდა უმძიმესი ჯვრის ტარება. ჩვენს ისტორიას ახსოვს დამანგრეველი შემოტევები, უთანასწორო ბრძოლები, მაგრამ ყველა ეპოქაში დედა ეკლესია იყო ქართველი კაცის გადარჩენის და აღდგომის იმედი. საქართველოში ქრისტეს სჯული იყო მებრძოლი, ეროვნული სულის გამომხატველი.
ამ რთულ პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ურბნისს, როგორც საქართველოში ქრისტიანული განთიადის მოწმეს, ხოლო შემდეგ კი ერთგულ მონაწილეს კაცობრიობის უმაღლესი მორალის საფუძველის აღიარებასა და გავრცელებაში.
ურბნისი ქართულ ისტორიულ წყაროებში უძველესი დროიდან იხსენიება. ქრისტეშობამდე ათასწლეულით ადრე აქ წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნნეულ იქნას ქალაქის პირველსახედ. ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ,, ქართლის ცხოვრება" ურბნისის აშენებას მცხეთოსოს შვილს - უფლოსს მიაწერს.
მოციქულთა სწორს და ყოველთა ქართველთა დედად წოდებულ წმიდა ნინოს, მცხეთაში ჩაბრძანებამდე, ურბნიში უქადაგია ქრისტიანული სარწმუნოება, სადაც ოცი დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოუქცევია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ უკავშირდება მის სახელს ურბნისის დედათა მონასტერი. მოგვიანებით იმ წმიდა ადგილას, სადაც წმიდა ნინო ცხოვრობდა,სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მორწმუნეებს პატარა ტაძარი აუგიათ, რომელმაც საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო, მხოლოდ, თხუთმეტი საუკუნის შემდეგ გახდა ,,ბოლშევიკების” სისასტიკის მსხვერპლი. თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ მეცენატმა ურბნისელებმა, ღვთის შეწევნით, ტაძრის საძირკველზე ახალი ტაძარი აღადგინეს.
უდიდესი სიყვარულით იყო გამსჭვალული ურბნისის მიმართ წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი(VII), რომლის სისხლიც ქრისტეს აღსარებისთვის დაიღვარა სოფლის შესასვლელში, სადაც მადლიერმა ურბნისელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით ააგეს პატარა ნიშა, რომელშიც მოთავსებულია ორი ქვის ლოდი, რომელთანაც, გადმოცემის მიხედვით წმიდა ნეოფიტე ჩაქოლეს.
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, ვახტანგ VI-ის მიერ აშენებულ სამრეკლოში განათავსა წმიდა ნეოფიტე ურბნელის სახელობის ტაძარი. ტაძარში დაბრძანებულია მისი წმიდა ნაწილები.
ურბნისი V საუკუნეში უკვე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, სწორედ ამაზე მოწმობს აქ, ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. შეუფასებელია ერთ-ერთი ასურელი მამის, თადეოზ სტეფანწმიდელის (VIს.) ღვაწლი ამ წმიდა მიწაზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული პირველი საკათედრო ტაძრის დაარსება ურბნისის ტერიტორიაზე. რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდ ბაზილიკად ითვლება საქართველოში. ურბნისის სიონი (თავდაპირველად პირველმოწამე სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძარი სიონად იწოდებოდა), სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის საფუძველძე ტაძრის აგების თარიღი V-VI სს. განისაზღვრა და პროფესორ ნ. შოშიაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველა დანარჩენ ტაძრის წარწერაზე ძველია. ტაძარში იმართებოდა მნიშვნელოვანი თავყრილობები და გადამწყვეტი კრებები, რომელთა შორის დიდების შარავანდედით ბრწყინავს დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება (1103წ.), რომელიც რუის-ურბნისის ,,სანახებში” ჩატარდა.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ მიტროპოლოტი იობი აღნიშნავს: ,, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება არ შეიძლება მივაკუთვნოთ რიგით ადგილობრივ კრებათა რიცხვს. იგი იყო საგანგებოდ მოწვეული განსაკუთრებული კრება, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წინაშე მგდარი ბევრი საჭირბოროტო საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, როგორც მსოფლიო კრებებს ბიზანტიისა და ზოგადად ეკლესიისათვის. კრებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ საქრთველოს ეკლესიის, არამედ უცხოეთში არსებული ქრთული მონასტრების საგანგებოდ მოწვეული თვალსაჩინო წარმომადგენლები, აგრეთვე სასულიერო და საერო-სამეცნიერი ადამიანები... დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარებით თითქმის მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ჭეშმარიტად იყო ,,მესიის მახვილი", აღჭურვილი სათნო ცოდნით. მან კარგად უწყოდა , რომ ეკლესიისთვის ისევე აუცილიბელი იყო თანადგომა ერის მხრიდან, როგორც პირიქით, - ერი საჭიროებდა ეკლესიის სულიერ მხარდაჭერას და მართლაც, ერისა და ბერის ურთიერთთანდგომა იყო ყოველთვის საქართველოს ძლიერების ქვაკუთხედი.
თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან გზაზე ქართველ ხალხს დიდი სახელმწიფოების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. ამ დიდი ერებისს ურთიერთჭიდილსა და მცირე ერებისადმი მიმართულ დამყრობლურ ბრძოლებს ბევრი დიდი და მცირე ერი შეეწირა და ,, აღიგავა პირისაგან მიწისა", შედარებით მცირერიცხოვანმა ქართველობამ კი დღემდე მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის უბიწოების დაცვით, რწმენისადმი თავგანწირვით, ღვთისა და ერის სიყვარულით მოაღწია".