წმიდა წინასწარმეტყველი იერემია მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. იერემია ყოველ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი ბაბილონელთაგან იუდეველთა მომავალ დამონებას. იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. იერემიას უფლება მისცეს - წასულიყო ბაბილონში, ან სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებადქცეულ ქალაქში დარჩა. სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის მტრობა ჩამოვარდა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი ოთხი წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. მათეს სახარებაში მითითებულია, რომ იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა ნაწინასწარმეტყველებია იერემიას მიერ: „მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა". (მათ. 27, 9-10).
|