შესვლის ფორმა |
|
|
კატეგორიები |
|
|
კალენდარი |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » დეკემბერი » 3 » მოწამე აბო ტფილელი (†786)
მოწამე აბო ტფილელი (†786)
|
მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”. არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს – "წარმოვიდა აქა ნერსეს თანამგზავრ ქრისტეს სიყუარულისათჳს” . აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღდელოებას. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას, მაგრამ "ვერ განაცხადებდა თავსა თჳსსა სრულად ქრისტიანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტეს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა სადამცა ნათელ-იღო ქრისტეს მიერ”. არაბთა ამირა ძალიან განარისხა ნერსე ერისთავის ქართულმა პოლიტიკამ, ნერსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. მან ქართლის რჩეულ ერისთავებთან ერთად მოახერხა დარიალის ხეობით ხაზარეთში გადასვლა. ნერსე ერისთავის თანმხლებ დიდებულებს შორის იყო წმიდა აბოც. ხაზარეთში ყოფნისას "ვითარცა იხილა ნეტარმან აბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთასა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტესა და ნათელ იღო სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ხელითა პატიოსანთა მღდელთათა”. ხაზარეთიდან, აბო, ნერსესთან ერთად გადავიდა აფხაზეთში, სადაც უშიშრად შეიძლებოდა ქრისტიანობის აღიარება და ნეტარი აბოც მადლობდა ღმერთს ყველაფრისთვის. შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა და ისევ ქართლში დაბრუნდა. აფხაზთა მთავარმა სთხოვა აბოს, დარ-ჩენილიყო აფხაზეთში: "მეში-ნის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, – უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რათა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობა ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”, –უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მოღვა-წეობდა აბო ტფილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს.
|
კატეგორია: ინფორმაციები |
ნანახია: 1621 |
დაამატა: ZaZa
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
www.wsa.ge
|