საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 23.04.2024, 11:07

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » მამა სტეფანე, ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი გზა და ბედნიერი ვარ ამ ბერულ გზაზე…

მამა სტეფანე, ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი გზა და ბედნიერი ვარ ამ ბერულ გზაზე…

00:22
არაორდინალური, ყველასაგან განსხვავებული, სიცოცხლით და სიხარულით სავსე, ემოციურიც და მშვიდიც, 290 ბავშვის გამზრდელი მამა, ოთხი მღვდელმთავრის მოძღვარი, სიყვარულისთვის, მოყვასისთვის, ბერობისთვის თავგანწირული, გულღია მაგრამ უფრო თავის თავში ჩაკეტილი, თითქოს ყველასთვის კარგად ნაცნობი, მაგრამ მაინც იდუმალი… 1971 წლის 20 სექტემბერს დაიბადა ქალაქ გორში, გორიჯვრის წმინდა გიორგის მადლმა ჩაუნერგა უფლისთვის თავგანწირვის ძალა და ამ უნაპირო ერთგულებით ემსახურება უფალს, სულიერ შვილებს და მთლიანად ურბნისისა და რუისის ეპარქიას. ხან განიკითხავენ, ხან უჭირთ, ახსნან მისი ქმედება, რადგან მართლაც რთულია მისი გესმოდეს… მაგრამ მას ყველა უყვარს – მისი განმკითხველიც და მტერიც. თუმცა ცოტას თუ შეუძლია ისეთი გულწრფელი იყოს, რომ აღსარებასავით ნათქვამი თავისი მონოლოგით შენი საკუთარი ,,ქონდრისკაცური მე” დაგანახოს და გასწავლოს ჭეშმარიტი სინანული! დღეს ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი და ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის რექტორია არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი. მან უდიდესი გზა გაიარა და ყველგან დატოვა ,,თავისი კუთვნილი ხელწერა.” რამდენი ვესაუბრე?! თუმცა მასთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამახსენდა მრავალგზის მოსმენილი სიტყვები: ,,ბერისას რას გაიგებო!” ვისაც სიყვარულის ახსნა სჭირდება, ის სიყვარულისთვის მზად არ არისო – მითხრა… მას იმხელა სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია, რომ ალბათ უბრალო მოკვდავთ ძალა არ შეგვწევს, მისი გვესმოდეს… - ყველა სასულიერო პირი უფლისკენ მიმავალ რთულ გზას თავისებურად გადის. ზოგი ძალიან დიდი ტკივილით მიდის უფალთან, ზოგი ცხოვრების დიდი გზის დასაწყისშივე გრძნობს, რომ მისი სულისთვის ეს სამყარო საკმარისი არ არის და მუდმივად ეძებს ხსნას სულისას. ზოგი ამ ძიებით დაღლილი მიდის უფალთან, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ადრეულ ასაკში აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ტაძარია ის გზა, რასაც ისინი ასე ეძებენ… მამა სტეფანე, თქვენ როგორ მიხვედით უფალთან? – სანამ საუბარს დავიწყებდე, მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის, თუნდაც იმისთვიც , რომ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას, მადლიერება გამოვხატოთ იმ დიდი მოწყალებისთვის, რასაც იგი ყოველ წუთს, ყოველ წამს მოიღებს თითოეულ ჩვენთაგანზე. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! … ჩემს ბავშვობას გავიხსენებ. ქალაქ გორში დავიბადე. ჩემი ოჯახი ეკლესიური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ყველა ტრადიციული ქართული ოჯახი, ყოველ გიორგობის დღესასწაულზე, ჩვენებიც საკლავს სწირავდნენ გორიჯვრის წმინდა გიორგის. მაშინ სალოცავი მოქმედი არ იყო, ახლა იგი მოქმედია. (ერობაში გიორგი მერქვა, ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა წმინდა გიორგი.) მშობლებს ხშირად თან დავყავდი. როცა სალოცავში ავდიოდი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც აუხსნელი, მაგრამ ძალიან ტკბილი ხდებოდა ჩემს სულში. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ამ უდიდესი სულიერი ნეტარების, ბედნიერების მიზეზი; რა იყო ის ,,რაღაც,” რაც ენით გამოუთქმელი სიხარულით ავსებდა ჩემს გულს სალოცავთან თითოეული მიახლოებისას. რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო ტკბილი და სანუკვარი ხდებოდა ეს შეგრძნება ჩემთვის. … ბავშვობაში დედამ ოქროს ჯვარი მაჩუქა, რომელიც ჩემხ თანატოლებთან თამაშის დროს დავკარგე. ამან ძალიან დამანაღვლიანა, არ მინდოდა, დედას გაეგო, რადგან ვიცოდი, ეწყინებოდა. მაშინ 13 წლის ვიქნებოდი, გორის ეკლესიაში მივედი, ჩემი ჭკუით, ჯვარი უნდა მეყიდა… ვნახე მღვდელი – მამა მალხაზი, ავუხსენი, მშობლების მერიდება, არ მინდა გაიგონ, ჯვარი რომ დავკარგე – მეთქი. მან დამლოცა და ამიხსნა, რომ ეკლესიაში ოქროს ჯვრები არ იყიდებოდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სასულიერო პირთან… რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდი მამა ელისეს, (იგი დღეს ნიკორწმინდელი ეპისკოპოსია) მან საეკლესიო წიგნები მათხოვა. რამდენიმე დღეში ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდებოდა. დიდი სიხარულით მივედი ეკლესიაში, თუმცა, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა იყო აღსარება, ან ზიარება… აი, ასეთი, გაუცნობიერებელი, მაგრამ საოცრად ტკბილი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ტაძრის გზაზე… თექვსმეტი წლისამ სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში – ქ. ტიუმენში წავედი, სადაც ჩემი უფროსი ძმები სწავლობდნენ, სამშენებლო ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. ბინა, რომელშიც ჩემი ძმები ცხოვრობდნენ, სამი ადამიანისთვის პატარა იყო, ამიტომაც სხვა ბინა იქირავეს. ღვთის განგებით მოვხვდი დიასახლისთან, რომელიც ძალიან მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი იყო. ამან ძალიან გამახარა. შვილები ახალგარდაცვლილი ჰყავდა, ერთ-ერთის წლისთავი იყო და პანაშვიდის გადასახდელად ეკლესიაში წავიდა; მეც თან წამიყვანა. მან დამაკავშირა იქაურ სასულიერო პირებთან და დამაწყებინა ეკლესიური ცხოვრება. გავიცანი მამა გედეონი, რომელიც დიდად დამეხმარა სულიერი ცხოვრების დაწყებაში. (იგი ეროვნებით ებრაელი იყო, დღეს ამერიკაშია.) ახლა უკვე ზრდასრული ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რა იყო ის უდიდესი რამ, რაც ბავშვობიდან ჩამრჩა და სალოცავთან ყოველი მიახლოებისას მათბობდა… იქ ყველაფერს თავისი სახელიდ აერქვა. საოცარია, ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს თავის მადლსა და წყალობას; ამ მადლით მიდის ადამიანი ღვთის კარზე და ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს… … მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, პირველ წელს უნივერსიტეტში ვერ ჩავირიცხე, მეორე წელს კი სურვილიც არ მქონდა, გამოცდებზე გავსულიყავი, თუმცა, ვგრძნობდი, რომ ეს აღარ მანაღვლებდა. მამა გედეონს კიდევ უფრო დავუახლოვდი, გავიცანი ტიუმენისა და ტობოლსკის მიტრიპილიტი თეოდოსი. მათთან სიახლოვისას დავრწმუნდი, ზუსტად გავაცნობირე, რომ ჩემი თავი ვიპოვე; ვიგრძენი, რომ რისთვისაც დავიბადე, ეს ღვთის სამსახური იყო. … ქართველებს ძალიან კარგი ნათქვამი გვაქვს – სათელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო… ღმერთმა ინება, რომ ზუსტად მაშინ ვიპოვე ჩემი თავი, როცა მომავალი ცხოვრების გზა უნდა ამერჩია. ეს პერიოდი ჩემს რუსეთში ყოფნას დაემთხვა. 17წლის ვიყავი, როცა უკვე ბოლომდე მქონდა გააზრებული, რომ ჩემი სიცოცხლე უფლისთვის უნდა მიმეძღვნა. მინდოდა, ღმერთისთვის ბოლომდე გამეწირა თავი, ისე ახლოს ვიგრძენი უფალი, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. მამებმა ამიხსნეს, რომ ღმერთისთვის მსახურების ყველაზე სრულყოფილი გზა ბერობაზე გადიოდა. ბერობა მინდოდა, სხვა არაფერი. მამა გედეონისა და მიტროპოლიტ თეოდოსის დახმარებით კიევ-პეჩორის ლავრაში ჩავედი. ერთი თვე დავყავი იქ. ლავრაში მამებმა ამიხსნეს, რომ მონასტრის წესის თანახმად, თუ მონასტერში ბერულ ცხოვრებას საბოლოოდ გადავწყვეტდი, საცხოვრებელი ადგილიდან უნდა ამოვწერილიყავი. მე კი სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩენა მინდოდა. ჩამოვედი საქართველოში მშობლებთან გამოსამშვიდობებლად. ისინი გაოგნებულნი დარჩნენ ჩემი გადაწყვეტილების გამო. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ, ჩემი არჩევნის შესახებ რომ შეიტყვეს! ბავშვობიდან სულ იმას ვცდილობდი, დამოუკიდებლად, თავისუფლად მეცხოვრა, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და უცებ ბერობა გადავწყვიტე! 1989 წელი იდგა 9 აპრილის ტრაგედია ახალმომხდარი იყო. ღვთის განგებით, სურვილი გამიჩნდა, მის უწმინდესობასთან მივსულიყავი და მისგან კურთხევა ამეღო; როგორც სჩვევია, მამაშვილურად მიმიღო. როცა გაიგო ჩემი სურვილისა და გადაწყვეტილების შესახებ, ჩაფიქრდა და მითხრა: სასულიერო სემინარიაში ჩააბარე, მერე აკადემიაშიო. მე ვუთხარი, რომ არც სემინარია მინდოდა და არც აკადემია, უბრალო ბერი მინდა ვიყო-მეთქი. – ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყავს, საქართველოში უნდა დაბრუნდე და ერთ-ერთ მონასტერში გაგაგზავნიო. არასოდეს დამავიწყდება, თავისი ხელით გადმომცა გზის ფული, დამლოცა და გელოდებიო, მითხრა. ჩავფრინდი კიევში; კიევ-პეჩორის ლავრაში მამების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა განვუცხადე, რომ საქართველოში ვბრუნდებოდი; სინანული გამოეხატა სახეზე ყველას, მაგრამ მაინც გაუხარდათ, რომ არჩეულ, ბერულ გზას არ ვუღალატე. … მარტყოფში ეკლესია იხსნებოდა. უწმინდესმა წამიყვანა და მეუფე იობს, რომელიც მაშინ იღუმენი იყო, გადასცა ჩემი თავი – ბერული ცხოვრება უნდა და შენ გაბარებო… მან კი მამაშვილურად ჩამიკრა გულში… და აი, უკვე თითქმის ოცდაორი წელია მასთან ვარ, ადამიანთან, ბერთან, მოძღვართან, რომელმაც წარმართა მთელი ჩემი ცხოვრება. თუ ჩემში რაიმე კარგია, ეს უპირველესად უფლის უდიდესი მადლი და წყალობაა, რისთვისაც მადლობას ვწირავ უფალს, დედა ღვთისმშობელს, ჩემს მფარველ ანგელოზს, მაგრამ ეს მეუფე იობის უდიდესი დამსახურებაცაა! და დღეს, ხმამაღლა მინდა მას მადლობა ვუთხრა იმ დიდი მამაშვილური სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში მაგრძნობინა. ის იყო, არის და იქნება ჩემი ერთადერთი მოძღვარი სიცოცხლის ბოლომდე. მინდა უპირველესი – თავმდაბლობა და უბრალოება მოვიპოვო, რასაც იგი თავისი პირადი ცხოვრებით მუდამ მასწავლის. ალბათ უფალმა ასეთი მოძღვარი იმიტომ მარგუნა, რომ ჩემი ამპარტავნება, სიამაყე წაიშალოს და ჭეშმარიტი თავმდაბლობა მასწავლოს. ოცდაორი წელია ვცდილობ, მეუფე იობს თავმდაბლობით ოდნავ მაინც მივემსგავსო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჯერ ამას ვერ ვახერხებ. მაგრამ უფალი მოწყალეა, ალბათ ყოვლადწმინდა სამება მოიღებს ჩემზე მადლს, რომ თავმდაბლობის გემო გავიგო. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული – როცა ვერ ვუჯერებ ჩემს მოძღვარს და სათანადოდ ვერ ვასრულებ მის ლოცვა-კურთხევას… აი, ეს არის ჩემი ერთადერთი გულისტკივილი, რადგან ჯერ იმ თავმდაბლობისთვის არ მიმიღწევია, რომ ჩემი მოძღვარი გავახარო… სხვა სატკივარი ჩემს სულს არ აქვს… დღეს რომ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ ბერობას ავირჩევდი, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი გზა და ბედნიერი ვარ ამ ბერულ გზაზე… - ესეიგი ფიქრობთ რომ თავმდაბლობა გაკლიათ? – დიახ, ნამდვილად მაკლია თავმდაბლობა. ამიტომაც, ჩემი მოძღვრის სიტყვები მუდამ გულში მაქვს – უნდა შევძლო ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოპოვება, რადგან ამის გარეშე ცხონებისაგან შორს არის ადამიანი… და მიდის დაუნდობელი ბრძოლა ამპარტავან გიორგი კორინთელსა და ბერ სტეფანე კორინთელს შორის. - ბერად რამდენი წლისა აღიკვეცეთ? და საერთოდ, როგორი იყო თქვენი, როგორც სასულიერო პირის შემდგომი ცხოვრება? – 1989 წელს მეუფე იობს სხალთაში, ზემო აჭარაში გავყევი, 1990 წელს კამანში – აფხაზეთში, იმავე წელს მარტყოფში დავბრუნდით. ბერად 1991 წლსი 7 დეკემბერს აღმკვეცეს მარტყოფის მამათა მონასტერში. შემდეგ მეუფე იობი მანგლელ ეპისკოპოსად დაადგინეს და რა თქმა უნდა, მეც მასთან ვიყავი. ამის შემდეგ მეუფე იობი ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსად დადგინდა და მან 21 წლის დამნიშნა გურიაში ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 6 თვის შემდეგ ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად. 1996 წლიდან მეუფე იობი ურბნისისა და რუისის ეპარქიას განაგებს და მეც მასთან ვარ. ვიყავი სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 4 წლის განმავლობაში ახალაშენებული სურამის კვირაცხოვლის ტაძრის პირველი წინამძღვარი, შემდეგ სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის პირველი წინამძღვარი, ურბნისის სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. 2002 წლიდან ქარელის ხარების ტაძრის წინამძღვარი ვარ, 2004 წლიდან გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის რექტორი… ასეთი გახლავთ ჩემი უმნიშვნელო ბიოგრაფია… (დღეს მამა სტეფანე ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღრვარია) - დღეს ხალხი დაუბრუნდა ეკლესიას, ამდენი ტაძარი შენდება, დღესასწაულის დღეებში ყველა ტაძარი სავსეა მრევლით… ეს იმას უდნა ნიშნავდეს, რომ ხალხი სულიერებას, ეკლესიას დაუბრუნდა, და შესაბამისად, სულიერად იზრდება კიდეც… მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასულიერო პირების განკითხვა თითქოს მოდაში შემოვიდა. უსასრულოდ განიკითხავენ… რა ხდება, მამაო, ეს ყველაფერი მღვდლების, და ზოგადად, სასულიერო პირების რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული აქციელის ბრალია თუ გამოსწორების ნაცვლად მთელი ერი განკითხვის საზარელი სენით დაავადდა? – სასულიერო პირებს მუდამ განიკითხავდნენ ეს სენი ,,არ ახალია, ძველია.” ქრისტე მაცხოვარი კაცად, ადამიანად გარდამოვიდა და თავისი თავი კაცობრიობას მსხვერპლად შესწირა, მაგრამ ადამიანებმა იგი არ დაინახეს და ჯვარს აცვეს! იესო ქრისტეს განიკითხავდნენდა ჩვენ, XXI საუკუნის სასულიერო პირები ვინ ვართ? მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს – მღვდლობა შვიდ საუდუმლოთაგან ერთ-ერთია და თვითონ მღვდლის ცხოვრება დიდი საუდუმლოებით არის მოცული. წმინდანების ცხოვრებიდან გავიხსენებდი: ერთი ბერი იყო, რომელიც საროსკიპოში ხშირად დადიოდა, იქიდან მრუში ქალები გამოყავდა, ღვთის გზაზე აყენებდა და მონაზვნებად აღკვეცავდა. მისი ცხოვრება დაფარული იყო. ერთხელ, როცა საროსკიპოში კვლავ შევიდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, იქიდან გამოსულს ერთმა კაცმა ხელი გაარტყა – შენ რა სასულიერო პირი ხარ, საროსკიპოში დადიხარო. ბერმა კი უპასუხა – შენს ყვირილს მთელი კონსტანტინეპოლი გაიგებსო. ეს კაცი უცებ ეშმაკეული გახდა, ბერი კი მეორე დღეს გარდაიცვალა. მის დასატირებლად უამრავი მონაზონი მივიდა, რომელთა უმრავლესობაც ოდესღაც საროსკიპოდან ჰყავდა ბერს გამოყვანილი. ყველას წინაშე გაცხადდა ,, საქმენნი მისნი.” როცა ბერს უკანასკნელ გზაზე მიასვენებდნენ, ის ეშმაკეული კაცი მოიყვანეს და მის ცხედარს შეახეს – იგი უმალ განიკურნა. ასე რომ, სასულიერო პირების ცხოვრება ხანდახან დაფარულია და მოკლვდავთათვის გაუგებარი. ყველა მღვდელს თავიცი წილი მადლი აქვს, რომელსაც ადამიანები ხანდახან ვერ ხედავენ… მე ხელს არავის ვაფარებ და არც ისე მინდა გამიგოთ, თითქოს ვამართლებდე ვინმეს უღირსს საქციელს, მაგრამ უნდა გვეყოს იმდენი სულიერება და სიყვარული, რომ განკითხვაში არ ჩავვარდეთ, შეიძლება მღვდელმა ისეთი ბრმა სიკეთე ჩაიდინოს, მთლიანად განიწმინდოს, მაგრამ ეს იმის უფლებას მას არ აძლევს, უღირსად მოიქცეს. ამ შემთხვევაში კი უნდა გვეყოს სულიერი ძალა, მისი განსჯა უფალს მივანდოთ და არ დავიმძიმოთ სული განკითხვის საზარელი ცოდვით. რა თქმა უნდა, სასულიერო პირი მაგალითი, სახე უნდა იყოს ქრისტიანობისა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც ჩვენსავით სტკივა, უხარია, ჩვენსავით შეიძლება შეეშალოს, ყოველთვის არ შესწევს ძალა, თავის ადამიანურ გრძნობებზე, ემოციებზე აღმატებული იყოს… ყველა ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანულად, რომ სულიერი თვალი ჰქონდეს და ვისაც სულიერი თვალი აქვს, ის თუნდაც ყველაზე დაცემულ სასულიერო პირსაც არ განიკითხავს. წმინდანები გვასწავლიან – თვალიც რომ ხედავდეს, რომ ძმა სცოდავს, საკუთარ თავს უთხარი რომ მატყუებსო იგი… - მამაო, თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანისთვის, რომელიც ტაძარში გუშინ შევიდა, ათი მცნებაც არ აქვს წაკითხული, მაგრამ იმას კი მიხვდა, ეკლესიური ცხოვრება უნდა და ეკლესიაში სასულიერო პირისგან ყველაფერს აღმატებულს ელის, ადვილი ასატანია, როცა ხედავს, სასულიერო პირები როგორ განსაკუთრებული ყურადღებით, პატივისცემით ეპყრობიან მდიდარ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდრები არიან? როცა მღვდელი პირდაპირ ხელში გიყურებს, რამდენს ჩაუდებ ჯიბეში ან თვითონ გეუბნება მის მიერ ჩარატებული ყველა მსახურების ფასს? განა განსაკითხია ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერით დაბრკოლდება და განკითხვაში ჩავარდება? ყველა ადამიანი ხომ სულიერად ისეთი ძლიერი არ არის, ამას ყურადღება არ მიაქციოს? დიდია ალბათობა, რომ იგი დაბრკოლდეს და მეორედ ტაძარში აღარ შევიდეს… – პავლე მოციქული ბრძანებს – ვერაფერმა დამაშოროს ქრისტეს სიყვარულს, არც ამა სოფელმა და არც იმა სოფელმაო. ამით პავლე მოციქული ყველაფერს გვეუბნება. XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და შეიძლება ბევრი რამ ისეთი დავინახოთ, რაც მიუღებლად მიგვაჩნია, მაგრამ წესიერი, პატიოსანი სასულიერო პირებიც ხომ არსებობენ? არასოდეს არაფერი დამიძალებია მრევლისთვის და არც დავაძალებ. ყველა ადამიანს უფალი თავად დაანახებს, რამდენი უნდა გაიღოს ან გაიღოს თუ არა საერთოდ. თუ ადამიანს იმის უნარი არ გააჩნია, გაარჩიოს კარგი და ცუდი, მაშინ მას განკითხვის სული ჰქონია, უბრალოდ არ უნდა კარგის დანახვა. ერთ მაგალითს გეტყვით – ქალმა ჩაიარა, მრუშმა დაინახა და თქვა, საროსკიპოში მიდისო; მღვდელმა დაინახა, ეკლესიაში მიდისო, ქურდმა დაინახა და გაიფიქრა, საქურდავად მიდისო. ნათქვამია – კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო. არაფრით შეიძლება, მღვდლობის ინსტიტუტს მხოლოდ უარყოფითი კუთხით შევხედოთ და ყველა ერთნაირად შევაფასოთ. იესო ქრისტეს თავის თორმეტ მოციქულს შორის იუდა, როგორც ნილოს მირონმდინარე-ათონელი წერს, ყველაზე ახლოს – მესენაკედ (,,კელეინიკად”) ჰყავდა. მაგრამ მან უღალატა. განა გამართლებული იქნება, იუდას გამო ყველა მოციქულს მოღალატე ვუწოდოთ? შეიძლება მღვდელმა მართლაც დააბრკოლოს ადამიანი, მაგრამ ამის გამო ვთქვათ, რომ მთელი სამღვდელოება დაკნინებულიაო, გაუმართლებელია. მღვდელს სთხოვენ, ყოველთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ისიც ხომ ადამიანია?კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ ვამართლება არავის უღირს საქციელს, მაგრამ განა სამართლიანი იქნება, მღვდლებზე ზემოდან ვილაპარაკოთ, თვითონ კი მარხვა ერთხელაც არ გვქონდეს შენახული და ,,მამაო ჩვენო” არ ვიცოდეთ? - მამაო, ალბათ დამეთნხმებით, რომ მიუხედავად სასულიერო პირთა სიმრავლისა, დღეს მოძღვრის არჩევა მაინც ძალიან რთულია. ხანდახან ისიც ხდება, რომ გვყავს მოძღვარი, რომელიც ძალიან გიყვარს და ცდილობ, მისი კურთხევით იცხოვრო, მაგრამ შეიძლება ერთხელ ისე უხეშად მოგექცეს და გული გატკინოს, რომ სულიერი საზრდო მისგან ვერ მიიღო. ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ეს ადამიანი სულიერად უცხოა შენთვის – მასში შენს მეორე ,,მეს” ვეღარ პოულობ, ვეღარ იხსნები, აღსარების თქმა გიჭირს და ნელ-ნელა შორდები. ეს ჩემს თავზე მეც გამოვცადე და ვიცი, რა მტკივნეულია… მოძღვარი ხომ ყველაზე მყარი ხიდია შენსა და უფალს შორის! მან უნდა დაგანახოს შენი და არა თავისი დაცემული ბუნება. ალბათ მოძღვარი მეტი სიფრთხილით უდნა ეკიდებოდეს იმ ადამიანს, რომელმაც მას ,,სული თვისი” მიანდო. – I საუკუნეში იყვნენ მიმდევრები ზოგნი – პეტრესი, ზოგნი – პავლესი… IV საუკუნეში ხშირად ამბობდნენ – იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის შვილები ვართო. შემდეგ კი წმინდა მამებმა ბრძანეს, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ქრისტესნი ვართო. როცა მღვდლად მაკურთხებდნენ, მეუფე იობმა მითხრა – გახსოვდეს, მრევლი შენთან კი არა, ქრისტესთან უნდა მიიყვანოო. ეს სიტყვები მთელი ცხოვრება გულში მაქვს. ეშმაკი ცდილობს, სასულიერო პირი დააჯეროს, რომ მღვდლობა უფლისგან ბოძებული წყალობა კი არ არის, არამედ მისი პირადი დამსახურებაა. თუკი მღვდელი ამ სულიერ ბრძოლაში ეშმაკზე გაიმარჯვებს, იგი ბოლომდე გააცნობიერებს, რომ მღვდლობის მადლი ღმერთმა მას იმიტომ უწყალობა, რომ ადამიანი არა საკუთარ თავთან, არამედ უფალთან მიიყვანოს. მოძღვარი პირველ ყოვლისა, არის ქრისტეს სიტყვა, სახარება და საერთოდ, ქრისტიანული სწავლება. … ერთ რამეს გეტყვით – არის კატეგორია მრევლისა, რომელიც მოძღვარს თავისი ვნებებიდან, ემოციებიდან გამომდინარე ირჩევს, მაგალითად, გარეგნობით მოსწონს. ადამიანმა მოძღვარი თავის სულიერი ნაკლის მიხედვით უნდა აირჩიოს. თუ მასში ვნებები სჭარბობს, ისეთი მოძღვარი უნდა აირჩიოს, ვინც წმინდად, ასკეტურად ცხოვრობს; თუ ამაყია და ამპარტავანი – თავმდაბლობით გამორჩეული, თუ ვერცხლისმოყვარეობით არის შეპყრობილი, მაშინ მოწყალესთან უნდა მივიდეს, რომ მოძღვრის მადლი მასზე გადმოვიდეს და დაავადებულ სულს უწამლოს… … მოძღვრის უპირველესი მოვალეობაა, ადამიანს ქრისტეს გზა დაანახოს და ყველაზე მთავარი, სინანული ასწავლოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ სინანული ეს არის მეორე ნათლობა. თუკი ადამიანს სინანული ეწევა, ის მეორედ ინათლება. მას ყველა ცოდვა მიეტევება. სინანული ნევროზული კივილი და ისტერიკა კი არ არის, არამედ განცდაა ,,თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა” – როგორც წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს. ვის სულშიც სინანულია, მისთვის მთავრდება განკითხვა, საკუთარი ცოდვების სხვაზე გადაბრალება, სიძულვილი, შური… ჭეშმარიტი სინანულის დროს ყველა ვნება კვდება, იცით ეს რა არის? მოგიზგიზე კოცონს, რომელსაც ყველაფრის შთანთქმა ძალუძს, ოკეანე რომ გადაუვლის და ჩააქრობს; ეს კოცონი ჩვენი სულის წამლეკავი ცოდვებია, ოკეანე კი უფლის უსასრულო მოწყალება. სინანულში ხედავს ადამიანი თავის საკუთარ თავს; ხედავს თავის დაცემულ ბუნებას და თავის ამ უბადრუკობასთან ერთად, ხედავს ქრისტეს დიდ მადლს. ეს არის სინანული და არა სასოწარკვეთილი ,,ვაი რა მეშველებას” ისტერიული ძახილი. სინანული არის შეზავება საკუთარი დაცემული ბუნების დანახვისა და ქრისტეს მადლისა და მოწყალებისა. ამ დროს ადამიანი გულწრფელად ამბობს აღსარებას და მოდის ჭეშმარიტი სინანული და უფლის მადლისა და წყალობის უნაპირო, უძირო ოკეანე… - მამა სტეფანე, თქვენ ძალიან არაორდინალური ადამიანი ბრძანდებით და გულწრფელად გეტყვით, ხალხი თქვენი შეფასების დროს, არაერთგვაროვანია; ზოგნი განგიკითხავენ კიდეც – ძალიან უყვარს ფუფუნებაო, ან ძალაინ უყვარხართ ან ამბობენ, რომ თქვენი საქციელი მათთვის უბრალოდ, გაუგებარია, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ძალიან გამოცდილი სასულიერო პირი ბრძანდებით, არასოდეს ფარავთ თქვენს დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. ზოგს მიაჩნია, რომ სალოსობთ კიდეც ხანდახან. უბრალოდ, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ გევხართ სხვებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – თქვენი სულიერი შვილები იყვნენ: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტუაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი (ტიკარიძე) და დღემდე არის ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე) განა შეიძლება ეს უბრალო ფაქტი ან დამთხვევა იყოს? სულიერ შვილზე ხომ მოძღვრის კაბის მადლიც გადადის?! რას გრძნობს, ამ სინამდვილეში ვინ არის ის არაორდინალური არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა უსვამს ხაზს თავის წარმომავლობას, არ მალავს თავის დამოკიდებულებას ფუფუნების, კომფორტული მანქანის და საერთოდ, ყველაფრის მიმართ, შეუძლია ხმამაღლა, დაუფარავად შეაქოს ადამიანი, ათასი გულის მაამებელი სიტყვა უთხრას, თუმცა ხალხი არც თუ იშვიათად, ამაში დაცინვის ტონს ხედავს… ამავდროულად თუ საჭიროა, თავგანწირულიც იყო თავისი მოძღვრის, მოყვასის,ეკლესიის მიმართ! რა იმალებ ამ თავისუფლების მიღმა – როგორია თავის თავთან მარტო დარჩენილი ბერი სტეფანე, რომელიც ხანდახან იმასაც ამბობს, ყველაზე უსაქმური, არაფრის მაქნისი ბერი ვარო, თუმცა მისი ოთხი სულიერი შვილი დღეს ეპისკოპოსია (სხვა თქვენს მიერ გაკეთებულ უამრავ საქმეზე რომ არაფერი ვთქვათ)? – დიდი მადლობა ამ გულწრფელობისთვის. კარგი შეკითხვაა. ისევ ჩემს მოძღვარს დავუბრუნდები. ყველაფერთან ერთად რაც მე მასში მომწონს, ეს ის შინაგანი თავისუფლებაა. მან დამანახა ნამდვილი ქრისტიანული თავისუფლება, რომელიც შენში მაშინ იბადება, როცა ღმერთთან ახლოს მიდიხარ. ამ დროს თავისუფლდები ბევრი ამაო, მავნე, ფუჭი, მოჩვენებითი ზრავების, ფიქრებისა და ქმედებისაგან. უბრალოდ, მინდა, ცხოვრებაში საკუთარი ხელწერა მქონდეს, არ მინდა ვიღაცას რაღაცაში ვბაძავდე. უბრალოდ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, მოჩვენებითი თავმდაბლობისა და საერთოდ სიყალბის გარეშე… ვცდილობ, მივაღწიო იმ ქრისტიანულ თავისუფლებას, როგორიც ჩემმა მოძღვარმა, მეუფე იობმა მასწავლა; ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე თავისუფალი და უფალს ვთხოვ, მომმადლოს ჭეშმარიტი თავისუფლება, რადგან ვფიქრობ, ადამიანი მაშინ ხდება მორჩილი და თავმდაბალი, თუ ის შინაგანად თავისუფალია… საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი არქიმანდრიტი სტეფანე კი ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, უბრალო ბერია… მე მგონი ამით დავაკმაყოფილე ხალხის ცნობისმოყვარეობა… რაც შეეხება, ჩემს სულიერ შვილებს, ქრისტიანული სიხარულით მიხარია, რომ ღმერთმა ღირს მყო, ამ ოთხ ადამიანთან, ოთხ მღვდელმთავართან ჩემი სულიერი დაკავშირება მომხდარიყო. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მქონდა და დღესაც მაქვს კავშირი. უფალმა ინებოს, რომ უფრო მეტი, სასულიერო პირი ყავდეს ჩვენს დედა ეკლესიას, ჩემი თუ სხვისი სულიერი შვილი, რადგან ქართული ეკლესია ნამდვილად არის ამის ღირსი. - მამაო, რატომ გირჩევენ მოძღვრად და საერთოდ, რა არის ის უპირველესი, რაც აუცილებელია მოძღვარსა და მის სულიერ შვილს შორის ურთიერთობაში? – რატომ მირჩევენ, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ბოლომდე მინდობა და გულახდილობა უნდა იყოს; მოძღვრის კურთხევას უნდა ასრულებდე – ასეთი ვარ მე ჩემს სულიერ მოძღვართან და ასე არიან ჩემი სულიერი შვილები ჩემთან… და თუ რამე ეჭვი ან ბზარი გაჩნდება, იქ ყველაფერი უნდა დამთავრდეს… როგორც ერთ უბრალო, რიგით ბერს, გულწრფელად მწყდება გული და საკუთარ თავზე გაბრაზებულიც ვარ, ნებსით თუ უნებლიეთ თუ ვერ ვასრულებ ჩემი მოძღვრის კურთხევას. ზემოთაც ავღნიშნე და ახლაც ვამბობ: ამის გარდა, გული ცხოვრებაში არფერზე მწყდება. ასი სიცოცხლე რომ მქონოდა, ასივეს ბერულად გავივლიდი! - ესე იგი, გული არასოდეს დაგწყვეტიათ, რომ ბერი გახდით და თეთრი სამღვდელოება არ აირჩიეთ? ოჯახი რომ არ შექმენით და შვილები არ იყოლიეთ? თქვენ ხომ უზომოდ გიყვართ ბავშვები… – არასოდეს! არასოდეს! ღვთის წინაშე ვამბობ, არასოდეს! რაც უფალმა მაგრძნობინა, რა მადლიც ბერის კუნკულ-ბარტყულს მოაქვს, დამერწმუნეთ, ამ გრძნობას ვერანაირი, თუნდაც მშობლიური გრძნობა ვერ შეედრება… მე ჩემი ნებით გადავდგი ეს ნაბიჯი, ჩემი სურვილით დავადექი ამ ტკბილ და რთულ გზას, რასაც ბერობა ჰქვია და მინდა ამ გზაზე ბოლომდე დავიხარჯო! როცა ძალიან გამიჭირდება, დიდი ბრძოლები და განსაცდელები მაქვს, უფალს მხოლოდ ერთ რამეს ვევედრები – ღმერთო ისე მიშველე, ისე მაცხონე, ისე გამატარე შენთან მოსასვლელი გზა, როგორი სიწრფელითაც, სიალალითაც შენთან მოვედი-მეთქი. დანარჩენს რაც შეეხება, მეც ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და როგორ გავიარე ან შემდეგშიც როგორ გავივლი ჩემს დარჩენილ გზას, მხოლოდ უფალია ჩემი მსაჯული! - რა არის ბერობა მამაო? – ბერობა ორნაირია – გარეგნული და შინაგანი. ათას ბერსაც რომ დაუსვა ეს შეკითხვა და ათასივემ გულწრფელად გიპასუხოს, როგორ ფიქრობ, ბოლომდე გააცნობიერებ, გაიგებ, რა არის ბერობა? დაიმახსოვრე, შორენა, ნამდვილი ბერი თავის ნამდვილ სახეს შენ არასოდეს დაგანახებს. ეს თვითონ უნდა შეიგრძნო, რადგან ბერობა ეს უდიდესი სიყვარულია, სიყვარული კი – თავად უფალი! უფალი კი უპირველესად, შენს საკუთარ სულში, გულის გულში უნდა შეიგრძნო! ვინმეს, შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, თუნდაც ყველაზე სანუკვარი სიტყვებით გადმოსცეს, რა არის სიყვარული? (ვისაც სიყვარულის ახსნა სჭირდება, ის სიყვარულისთვის მზად არ არის.) მე მქონდა ბედნიერება წავსულიყავი უდაბნოში (კამანში,აფხაზეთში, სოხუმიდან ორმოც კილომეტრში) და მენახა განდეგილი ბერები XX საუკუნისა, ისეთი ბერები, რომელთაც ეპისკოპოსები ხელზე ემთხვევიან, 46 წელი მარტოდ მარტო რომ იღწვოდნენ უდაბნოში.. ნამდვილი ბერი თავის სახეს არასოდეს არავის ანახებს, არ არსებობს, მან თავის სულიერ სამყაროში ჩაგახედოს, იმ სამყაროში, რომელსაც წლების მანძილზე ასე ელოლიავებოდა და უფრთხილდებოდა, ცრემლიანი ლოცვითა და მარხვით შეიქმნა… ბერობა თავგანწირვაა, უნაპირო თავგანწირვა. თუ თავგანწირვა არ შეგიძლია, ესე იგი სიყვარულიც არ შეგიძლია, რადგან სიყვარული თავგანწირვის გარეშე წარმოუდგენელია. თუ სიყვარულის, თავგანწირვის ნიჭი გაქვს, მაშინ შეგიძლია, უფლისთვის თავი დადო და შენი სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა მას მიუძღვნა. თავგანწირვა უნდა შეგეძლოს და დაუყვედრებლად უნდა ემსახურებოდე უფალს, შენს შემოქმედს. ხშირად ამბობენ ბერები – ეს გავაკეთე, ასე გავაკეთეო. თუ ეს სიტყვები იმეორე, ესე იგი, ბერად ვერ შემდგარხარ, უფალი ბოლომდე ვერ შეგიგრძვნია. ჩვენ არავის უნდა დავაყვედროთ რომ ბერები ვართ. ბერობა მოყვასისათვის თავდადებაა. თუ ეს არ შეგიძლია, ბერობაზე არც უნდა იფიქრო. რაღა თქმა უნდა, უპირველესია თავმდაბლობა – გვირგვინი ბერობისა! … სულ რამდენიმე ხნის წინ, უფლის შობა ვიდღესასწაულეთ. დღესასწაული რომ ახლოვდებოდა, დავფიქრდი, რა ვუქადაგო-მეთქი, მრევლს, იმდენად ღრმა შინაარსის მატარებელია ეს დღესასწაული. ღმერთი, რომელმაც მონებრივი სახე მიიღო და კაცად, ადამიანად გარდამოვიდა დედამიწაზე, რადგან შერიგება მომხდარიყო ადამიანსა და ღმერთს შორის, დაიბადა იმ გამოქვაბულში, სადაც საქონელი და მწყემსები უამინდობის დროს აფარებდნენ თავს, გესმით, უამინდობის! წვიმა რომ არ მოსულიყო, იქ არავინ შევიდოდა! ეს არის წარმოუდგენელი სიმდაბლე, ამას ვერ ახსნი, ეს უნდა შეიგრძნო! თუ ეს სიღრმისეულად არ გაიაზრე, ვერ გაიგებ, რა არის. ხედავთ, სად მივყავართ უფლის შობას? გადიხარ სადღაც შორს, ამ სამყაროს ჩარჩოებს სცილდები და იქიდან რომ შენი ნამდვილი სახე დაინახო, შეიძლება გული გაგისკდეს! ხშირ შემთხვევაში ღმერთი გვინდობს, ვებრალებით და არ გვანახებს ჩვენს ნამდვილ სახეს. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა, ღვთის მადლი რომ არ გვფარავდეს და ჩვენს დაცემულ ,,მეს” ვხედავდეთ? შეიძლება მართლა გავგიჟდეთ! - დღეს XXI საუკუნის ბერები, ხშირად მონასტრებში ვეღარ ცხოვრობთ, გიწევთ ერში ტრიალი და კომფორტული, ძვირადღირებული მანქანებით, მობილური ტელეფონებით, ფუფუნების საგნებით სარგებლობა, რისთვისაც არც თუ იშვიათად განგიკითხავენ ხოლმე, თუმცა, არავინ იცის, რა უფრო ადვილია – მივარდნილ, გარიყულ სკიტეში ან მონასტერში განდეგილად ცხოვრება და უფალთან მშვიდი საუბარი, თუ ამ ,,სიგიჟეში”, თუნდაც ყველაზე კომფორტულ გარემოში ერში ტრიალი, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე განსაცდელია… მონასტრულ ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ მამაო? – როცა მონასტერში ვცხოვრობდი, სულ ვოცნებობდი , რომ მეუფე იობი ყოველთვის ჩვენი წინამძღვარი ყოფილიყო და სულ მონასტერში გვეცხოვრა. ჩვენ ისეთი ძმობა გვქონდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ! ყველანი ერთი სულისანი ვიყავით. იცით, მეუფე ღნერთისთვის არის დაბადებული და მის ირგვლივ ამას ყველა გრძნობს. საოცარი ნეტარება იყო მეუფე იობის კალთის ქვეშ მონასტერში ცხოვრება, მისი მორჩილება, სულიერი საუბრები. ჩვენ მაშინ პატარა, გამოუცდელი ყმაწვილები ვიყავით, ის კი ჩვენი მამა, რომელიც რუდუნებით, სითბოთი და სიყვარულით გვზრდიდა და ბერულ სულს გვიწრთობდა, ქრისტიანობას, სიყვარულს, თავდადებას გვასწავლიდა. ჩამოვუსხდებოდით მას და ათას შეკითხვას დავუსვამდით… ვეკითხებოდი მანამ, სანამ ვერ გავიგებდი, თავი გარდასულ საუკუნეში მეგონა, არქაულ დროში და მინდოდა, ეს ნეტარება უსასრულოდ გაგრძელებულიყო. აი, ეს მენატრება ყველაზე მეტად. მაშინდელი ჩვევა ეხლაც შემომრჩა – რაც უნდა მოხდეს, არაფერით დავუკრავ თავს მეუფეს, გავიგე-მეთქი, სანამ მართლა არ გავიგებ, ამისთვის თუნდაც ასი შეკითხვის დასმა დამჭირდეს. მინდა ყველაფერი ისე გავიგო, როგორც მასწავლის. - ყველა ადამიანს, და განსაკუთრებით სასულიერო პირს ჰყავს წმინდანი, რომელსაც განსაკუთრებით სასოებს სულიერი შეჭირვების, განსაცდელების ჟამს. ბერისთვის სახელის დარქმევაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, არ ხდება შემთხვევით. როცა ბერად აღკვეცისას სტეფანე დაგარქვეს, იმ წუთში რა შეგრძნება დაგეუფლათ? -ყოველთვის ძალიან მინდოდა, ღირსი მამის სახელი დამრქმეოდა, ძლიან მინდოდა განდეგილი, ბერული ცხოვრება სკიტეში… ამიტომ ვთქვი უარი სასულიერო სემინარიაზე და აკადემიაზე. მაგრამ უფალმა სხვაგვარად წარმართა ჩემი ცხოვრება. ღმერთშემოსილი მამის სახელი მინდოდა დამრქმეოდა და პირველმოწამის სახელი მიწოდეს, მაგრამ თქვენ გულახდილად გეტყვით და ჩემს მოძღვარსაც ვუთხარი: 1991 წლიდან მქვია ეს სახელი, მაგრამ წელს, ისე როგორც არასდროს, ახლოს ვიგრძენი ჩემი მფარველი – სტეფანე პირველმოწამე, უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა, როცა ღმერთს ეწირებოდა და უკანასკნელი სიტყვებით უფალს მიმართავდა, მწვალებელთათვის ცოდვად არ ჩაეთვალა მისი სიკვდილი. არ ვიცი, როგორ გითხრათ… მასში ქრისტე იყო შესული! ამას მთელი სიწრფელით ვამბობ და ვგრძნობ, რომ ის გრძნობს ჩემს გულწრფელობას, რადგან ჩემთან არის, ძალიან ახლოს ჩემ სულთან… ძალიან მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და სულიერი განსაცდელის დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მასთან. უზომოდ მიყვარს წმინდა გიორგი. წმინდა გიორგი ხომ ყველა ქართველის სულში ქრისტესთვის ანთებული კელაპტარია! ძალიან ახლოს მიგრძვნია ბასილი დიდიც…იოანე ოქროპირი.. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს დედა ღვთისმშობელი! უკომენთაროსდ იცით, სახლში მხოლოდ ერთადერთი ხატი მაქვს – ჩემი დედა ღვთისმშობლის! (მეტი არაფერი გამაჩნია – ეს ავტომანქანა, რომელიც გადასაადგილებლად მჭირდება, ჩემი წიგნები და დედა ღვთისმშობლის ხატი… და რა თქმა უნდა, ჩემი ცოდვები! სხვა ყველაფერი შეიძლება დაკარგო, ან წაგართვან, ცოდვები კი შენთან რჩება სამუდამოდ… სანამ არ მოინანიებ!) - მამა სტეფანე, ვიცი, რომ ავტოკატასტროფაში ძალიან ბევრჯელ მოყევით. უფლის ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება, ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია? როგორ გგონიათ, რა იყო მიზეზი ამხელა განსაცდელისა და რა შედეგი გამოიღო ამან? – შედეგი ის გახლავთ, რომ ბოლო ავარიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ბევრ რამეზე დამაფიქრა. (ჩვიდმეტჯერ მოვყევი ავტოკატასტროფაში) ბოლო შემთხვევა მოხდა 2004 წლის 5 მარტს. აი აქედან დაიწყო ჩემთვის ახალი ცხოვრება, რაღაც ისეთი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რაც არასწორი იყო, ან ისე არ ვუჯერებდი ჩემს მოძღვარს და უფალმა მიმითითა, ყველაფერზე დავფიქრებულიყავი… ბევრი რამის გადაფასება მოხდა… მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! დიდება უფალს! ჩემს სიცოცხლეში არავისთვის არაფერი დამიბრალებია და არც არასოდეს დავაბრალებ! ყველა ადამიანი თავის ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას, ბედნიერებას თუ უბედურებას საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს. ერთმა ჩემმა ახლობელმა მასწავლა – როცა დამნაშავის ძიებას დაიწყებ, დიდი დრო არ დაგჭირდება, თუ სარკეს მოიტან და ჩაიხედავ – იქ იპოვნი ნამდვილ დამნაშავეს შენი ყველა უბედურებისასო. თუმცა სარკეში ჩაუხედავადაც საკუთარ თავს ვაბრალებ ყველაფერს. ყველაფერი – ტკივილი, ცრემლი, სიხარული, განსაცდელები უფლისგან დაიშვა ჩვენზე ან გამოსასწორებლად, ან დასასჯელად. ჩემი მოძღვარი ხშირად მეუბნება – ღვთის ანაბარა ხარო. მთელი არსებით, ყველაფრისთვის - ტკივილისთვისაც და სიხარულისთვისაც მადლობა უნდა უთხრა უფალს, მაგრამ ამას რომ მოაღწიო, დიდი სულიერი ძალა და შრომაა საჭირო. - მამაო, ერთმა ასაკიანმა, დიდი ხნის ბერმა მითხრა – ძველად, როცა მოსაგრე ბერები სამოღვაწეოდ ერთ ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, თუ შემთხვევით წინ წასული მამა ქალის ნაკვალევს წააწყდებოდა, ჩუმად წაშლიდა, უკან მომავალმა ძმებმა არ ნახონო… ასეთი სათუთი და მოსაფერებელია ბერი… ბერობა ხომ მუდმივად გაღვივებულ კოცონზე დგომას ნიშნავს, არ იცი, როდის სად წაგიცდება ფეხი, ეშმაკი სად დაგიგებს მახეს… შეიძლება ერთ წამში დაგენგრეს ყველაფერი, მით უმეტეს დღეს, ტაძრებში უამრავი ნახევრად შიშველი ქალი მიდის ყოველგვარუ უხერხულობის გარეშე თავის მოძღვარს აღსარებას აბარებს, მოძღვარი კი არაფერს ეუბენბა. ეპოქის სიშიშვლე იმის ბრალი ხომ არ არის, რომ მოძღვრები სულიერ შვილებს უბრალოდ, სათანადოდ ვერ ზრდიან და ამიტომაც დაიკარგა ბერის, და საერთოდ, სასულიერო პირის მიმართ მოკრძალება? – ჯერ კიდევ IV საუკუნეში ანტონი დიდმა, რომელიც ბერობის ფუძემდებელი, მამა, კანდელი იყო, ხილვა ნახა, მთელი სამყარო ეშმაკის ბადეებით იყო მოცული და როცა წმინდა მამამ იკითხა, ვინ დააღწევს თავს ამ მახესო, მორჩილი და თავმდაბალიო – მოესმა უფლის პასუხი. ეს ხდება IV საუკუნეში, როცა ამდენი წმინდანი და დიდი მამა მოღვაწეობდა. დიდი სულიერების საფუძველთა საფუძველი თავმდაბლობა და მორჩილებაა. თუ ამას მიაღწევ, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები და სად ააშენებ შენს სულიერ ტაძარს – გამოქვაბულში, უდაბნოში თუ მის გარეთ, მთაში თუ ბარში, სკიტეში, ქალაქში თუ სოფელში. მაკარი დიდს გავიხსენებ – მას უფალი ქალაქში გააგზავნის და ერთ ადამიანზე ეტყვის – მან ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, როგორსაც შენო. ყოფილან ბერები, რომელთაც უდაბნოში წლობით უმოღვაწიათ, თუმცა ღვთის რჩეული ქალაქში ყოფილა. რაც შეეხება არაკორექტულ ჩაცმულობას, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მოძღვარმა უნდა გაზარდოს მრევლი, თუმცა მრევლსაც უნდა ჰქონდეს იმდენი მოკრძალება, რომ შეხსენება არ სჭირდებოდეს, რომ ტაძარში მაინც იყოს მოკრძალებული, რადგან ტაძარი უფლის სახლია… ხალხი ფაქტიურად ოცი წელია, რაც ეკლესიას დაუბრუნდა, ეს კი დიდი დრო არ არის. მოსემ 40 წელი ატარა უდაბნოში ებრაელი ერი. მე გავიარე ამ გზაზე და გეტყვით, ადამიანმა სულ კუს ნაბიჯებითაც რომ იაროს, ამ გზას ორ წელიწადში გაივლის. მოსემ ეს ხომ იმიტომ გააკეთა, რომ თაობა შეცვლილიყო? დიახ, თაობა უნდა შეიცვალოს! - მამა სტეფანე, ფიქრობთ რომ ამაზე უკეთესი თაობა მოვა? – ,,უკეთუ ღმერთსა ენებოს” მოვა. რა უფლება გვაქვს, რომ სხვაგვარად ვიფიქროთ? ხშირად მესმის ხოლმე შეშფოთებული შეძახილები – ეს რა საშინელი თაობაა, მომავალში ალბათ უარესს უნდა ველოდოთო. პირველ საუკუნეში, როცა უფალი სულ რამდენიმე წლის ამაღლებული ბრძანდებოდა და დედამიწაზე ჯერ კიდევ მოციქულები დადიოდნენ, ქრისტიანებს ცოცხლად წვავდნენ და ლომებს ხახაში უგდებდნენ, მაგრამ IV საუკუნეში კონსტანტინე დიდმა მშვიდობა და თავისუფლება დაამყარა. ეს როგორღა გავიგოთ? ამიტომაც, მოსაზრება, რომ ჩვენს შემდეგ აუცილებლად ცუდი თაობა უნდა მოვიდეს, არამართებულია. მეუფე გვასწავლის – დროს არც გაუსწროთ და არც ჩამორჩეთო, დროში იცხოვრეთ, დრო შეიგრძენითო. არა გვაქვს სასოწარკვეთილების უფლება. პირიქით უნდა ვილოცოთ და უფალს ვევედროთ, რომ ჩვენზე ბევრად უკეთესი თაობა მოვიდეს და უკეთეს, ქრისტეს ნათელით გაბრწყინებულ საქართველოში იცხოვროს. ხშირად პანიკური შეძახილია – მეორედ მოსვლა დაიწყო, ყველანი დავიხოცებით, დედამიწა არსებობას შეწყვეტსო. კი, მაგრამ ვინ თქვა, ან ვინ განსაზღვრა, ეს როდის მოხდება? ქრისტე ღმერთი არავის შეგვეკითხება, როდის მობრძანდება! ჩვენ ვინ ვართ ეს რომ ვიძახოთ? ჩვენ ქრისტიანულად, მართმადიდებლურად უნდა ვიცხოვროთ, ვისურვოთ და ვილოცოთ, რომ ჩვენზე ბევრად უკეთესი ერიც და ბერიც მოვიდეს და რა იქნება ბოლოს, ეს უფლის ნებაა. … გიმნაზიაში ჩემს ბავშვებს სულ ვეუბნები – რა წარმატებასაც უნდა მიაღწიოთ არ გაამაყდეთ, რადგან თქვენზე კარგი ბავშვები იყვნენ, არიან და იქნებიან – მეთქი. - მამაო, ,,რუსთავი 2”-ის პროექტში ,,ყველაზე ჭკვიანი” ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლემ – ნიკა ხოფერიამ გაიმარჯვა. ამ გიმნაზიის რექტორი თქვენ ბრძანდებით. დღეს, ამ გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ყველაფერი ეროვნული იშლება, როცა მართმადიდებლობას არნახული ძალით უტევენ, როცა გვიცხადებენ, რომ საქართველოს ისტორია თურმე სავალდებულო საგანი არ ყოფილა, ჰაგიოგრაფიაც ,,ზედმეტად მძიმე ლიტერატურაა” მოწაფისთვის, დამეთანხმებით, რომ ასეთი დონის სასულიერო გიმნაზიის არსებობა და მისი ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულია. თქვენ ყველანაირად ცდილობთ, მომავალ თაობას ქართველობა, ქრისტიანობა ასწავლოთ, თავს არ ზოგავთ იმისთვის, რომ მათ სიხარული მოანიჭოთ, ისინი ტაო-კლარჯეთსა და კაბადოკიაში,ბაჩკოვოს მონასტერში(ბულგარეთი) წაიყვანეთ, ვიცი, რომ თქვენი გიმნაზიის მოსწავლეები კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატრიარქსაც შეხვდნენ. პედაგოგებისგან მსმენია, მამა სტეფანე გიმნაზიაში სულ სხვანაირიაო. მაინც რა არის მიზეზი იმისა, რომ გიმნაზიელებს ასე უყვარხართ? – დავიწყებ იქიდან, რომ როცა მეუფემ ქარელში გამომიშვა, თავდაპირველად ეს ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო, რადგან თხუთმეტი წელი სულ მეუფესთან ვიყავი და გამზრდელთან, მამასთან განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. მეუფემ მითხრა ქარელი ბევრ რამეს გასწავლისო. ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს და სიახლეს ეგუებოდეს. როცა გიმნაზიაში პირველად შევედი, გავიფიქრე, მამა ეფრემს (დღეს უკვე ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემს) ისე ჰქონდა ყველაფერი მოწესრიგებული, მე რაღა უნდა გავაკეთო-მეთქი. გიმნაზია მეუფე იობის კურთხევით 2001წელს დაარსდა. მის დაარსებაში და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუფე ეფრემს, რომელსაც ქალბატონი თამარ შუბლაძე დაუდგა გვერდით. გიმნაზია დიდი მამის, გიორგი მთაწმინდელის სახელობისაა (დღეს გიმნაზია ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კერაა საქართველოში_ყველაფერი იმით აღჭურვილი,რაც ქალაქელ მოსწავლეებსაც კი სანატრელი აქვთ_შ.ს.) როცა მეუფე ეფრემი 2004 წელს ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, გიმნაზიის რექტორად მეუფის კურთხევით მე დავინიშნე. აი, იმ წუთიდან დაიწყო ჩემთვის ახალი ცხოვრება და დღეს ჩემი სიცოცხლის ერთი დღეც კი ვერ წარმოიდგენია ბავშვების გარეშე. როგორ გითხრათ, ისინი ჩემი სულის ნაწილები არიან, ძალიან ახლობელნი ჩემთვის. ამ გრძნობას სიტყვებით უბრალოდ ვერ გამოვთქვამ. ძალიან კარგი პედკოლექტივი დამხვდა, რომ არა ისინი, მათი უდიდესი თანადგომა, როგორი ძლიერი და კარგიც უნდა ვყოფილიყავი, ვერაფერს გავხდებოდი, წინ ერთ ნაიჯსაც ვერ გადავდგამდი, ამიტომაც უაღრესი, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ თანადგომისთვის! ჩვენი გიმნაზიის ხშირი სტუმრები არიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. ამერიკის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის მეუღლეს ძალიან მოეწონა ჩვენი ბავშვების მიერ ინგლისურად დადგმული ,,წითელქუდა,” და ბრძანა, რომ ამ ბავშვებში უდიდესი პოტენციალია, გერმანიის ელჩმა, უვე შრამმა თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა, როცა ჩემმა ბავშვებმა გერმანულ ენაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. ჩვენი საყვარელი პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე სტუმრობდა ჩვენს გიმნაზიას და იმდენად მოეწონა, რომ გაზეთის კორესპონდენტი გამოაგზავნა და სპეციალური, ვრცელი რეპორტაჟი მიეძღვნა ჩვენს მოწაფეებს. მოწვეული გვყავდა ოლიმპიური ჩემოიონებიც – ზვიადაური, ხერგიანი, ჩვენთვის ყველაზე უსაყვარლესი მწერალი – ოტია იოსელიანი. აკა მორჩილაძე რამდენიმე თვეში ერთხელ ჩამობრძანდება და ლექციებს უტარებს ჩვენს ბავშვებს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი სტუმარი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს მოადგილე, ქალბატონი ბელა წიფურია. უახლოეს მომავალში მუხრან მაჭავარიანის მოწვევასაც ვაპირებთ, ალბათ იცით, რომ განათლების სამინისტრომ მიიღო ახალი კანონი სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით. შარშან წინ მთელი რაიონიდან მხოლოდ ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო სახელმწიფო გრანტი და ოთხივე ჩვენი გიმნაზიის აღზრდილია; შარშან კი მხოლოდ ერთმა და ისიც – ჩვენმა მოსწავლემ. ოფიციალური გადასახადი სკოლაში არ გვაქვს, სიმბოლირად 10 ლარია დაწესებული შემოწირულობის სახით და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ის გადაიხდის. მასწავლებლები ხელფასს ვაუჩერებით იღებენ, რადგან გიმნაზია ლიცენზირებულია და აკრედიტაცია გავლილი აქვს. საპატრიარქო მიზერულ, მაგრამ მაინც დახმარებას გვიწევს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიმნაზიის 290 მოწაფიდან ნახევარზე მეტს უმაღლესი აკადემიური მოსწრება აქვს. რაც შეეხება პროექტში ,,ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებულ ნიკა ხოფერიას, იგი VII კლასელია, გიმნაზიაში გვაქვს შეფასების რეიტინგული სისტემა და ყველა სემესტრის ბოლოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვს ვაჯილდოვებთ. ნიკა ორი წლის განმავლობაში სულ მოწინავე იყო, მაგრამ ერთი პერიოდი შევნიშნე რომ სწავლას მოუკლო. ერთხელ შევედი მის კლასში და დავსვი შეკითხვა – ვინ არის ყველაზე ძლიერი ამ კლასში მეთქი. ნიკა ყველაზე პირველი წამოდგა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა – ქეთი რამიშვილიო. ხომ წარმოგიდგენიათ ქეთი როგორი მოსწავლე იქნება? როცა ტელეკომპანიიდან ,,რუსთავი 2” ჩვენთან ჩამოვიდნენ ნიკაზე რეპორტაჟის მოსამზადებლად, მე მათ ვუთხარი, რომ ნიკა ხოფერია მხოლოდ იმიტომ კი არ იმსახურებს გამარჯვებას, რომ ყველაზე ჭკვიანია, არამედ იმიტომაც, რომ იგი მართალი ბავშვია, კარგი ადამიანია და სხვისი უპირატესობის აღიარება არ უმძიმს. იმ პერიოდში ქეთი რამიშვილი მას მართლა სჯობდა, მაგრამ ნიკა შურის გრძნობით კი არ განიმსჭვალა მის მიმართ, არამედ ვაჟკაცურად აღიარა. ჩვენთან ყურადღება ბავშვის მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას კი არ ექცევა, არამედ მის წესიერ, სიყვარულით სავსე პიროვნებად ჩამოყალიბებასაც. შარშან მოწაფეები და პედაგოგები კაბადოკიასა და ტაო-კლარჯეთში წავიყვანე, ბავშვებმა უძველესი ქართული ეკლესია მონასტრები მოილოცეს. უნდა გენახათ მათი უბედნიერესი სახეები, როცა ძველ ქართულ მიწაზე, წინაპართა ნაფეხურზე დადიოდნენ. ყველას მოწიწება, მოკრძალება და უზომო სევდა ეწერა სახეზე… არასოდეს დამავიწყდება მათი სევდანარევი სიხარულით სავსე თვალები. მქონდა ბედნიერება, ოშკის დიდებულ ტაძარში პარაკლისი გადამეხადა ქართველ მეფეთა და დედოფალთათვის. როცა შენ წინაპრებთა სულს ავედრებ უფალს, როცა მათთვის ლოცულობ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ისინი შენთან არიან, სულ ახლოს, ზღვარი კი ერთმანეთს შორის წაშლილია… და საერთოდ, ახლობლების ამ ქვეყნიდან გასვლით გამოწვეული ჩვენი ტკივილი მათი სულებისთვის ლოცვით განელდება. კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატრიარქმა მიიღო და დალოცა ჩემი ბავშვები, მათთან ერთად იტრაპეზა და საჩუქრები გადასცა. ძალიან მინდოდა მათთვის სიხარული მიმენიჭებინა და უფალმა შეისმინა ჩემი გულწრფელი ლოცვა… გიმნაზიაში საკითხი ასე დაყენდა - ერთი ბავშვიც რომ დაიჩაგროს, ერთმა ბავშვმაც რომ თქვას, გული მეტკინა და თავი დაჩაგრულად ვიგრძენიო, იმავე დღეს დავტოვებ გიმნაზიას. თუ რომელიმე პედაგოგი ბავშვს გამოარჩევს ან ეკონომიური ან სხვა კუთხით, ის პედაგოგი ჩემს გიმნაზიაში ვერ გაჩერდება. ბავშვი უნდა გაიზარდოს თავისუფლად, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება თავისუფლებაშია. თავისუფლება არც ღამის ბარებია და არც ჯეობარები, პირიქით ეს დასავლური ,,ფსევდოთავისუფლებაა” და ის ბავშვს აკომპლექსებს, რადგან ქართული ბუნებისთვის უჩვეულო ტრადიციებს, უნარ-ჩვევებს მათ ძალით ახვევენ თავს, მათ ცნობიერებას აბინძურებენ. აღმზრდელის, პედაგოგის, მით უმეტეს სასულიერო პირის, მღვდლის, რექტორის უპირველესი დანიშნულებაა, ბავშვს ასწავლოს სად არის ცოდვა და სად მადლი, სად სიკეთე და სად ბოროტება, რადგან ამის გააზრება წარმოშობს ნამდვილ თავისუფლებას. ეროვნული პრინციპებით თუ არ იხელმძღვანელე, თუ ეს ჭეშმარიტი თავისუფლება ბავშვს არ ასწავლე, მაშინ არაფერი გაგიკეთებია. ჩვენს გიმნაზიაში სწორედ ეს არის წინა პლანზე. მე ჩემმა მოძღვარმა მასწავლა - სწორ ჭეშმარიტ თავმდაბლობაში, მორჩილებასა და უბრალოებაში დევს ნამდვილი ქრისტიანული თავისუფლებაო. მინდა ეს თითოეულმა ბავშვმა გაიგოს, გაითავისოს. თუ ბავშვმა ეს ვერ გააცნობიერა, ის თავიდანვე დაკომპლექსდება და რაღაც უაზრო ჩარჩოებში მოექცევა. (ხედავთ დღეს ქართველ ,,პანკებს” და კიდევ სხვა ,,კასტების” მიმდევრებს? აი, თავისუფლების არასწორად გაგების შედეგი) ,,მშვიდობის კორპუსიდან” ამერიკელი გვყავს მოწვეული, რომელიც პერიოდულად ინგლისურის გაკვეთილს უტარებს მოსწავლეებს, მომავალში გერმანელის მოწვევას ვაპირებ, რომ გერმანულის გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩაატაროს არა იმიტომ, რომ ინგლისურის და გერმანული ენის კარგი სპეციალისტები არ გვყავს, პირიქით, შესანიშნავი პედაგოგები მყავს და მადლობა უფალს ამისთვის, არამედ იმიტომ, რომ ქრისტიანული თავისუფლება აქაც შეიგრძნონ – სხვა ეროვნების, აღმსარებლობის ადამიანთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ. ყველა გაკვეთილი იწყება სწავლის დაწყების ლოცვით, ყველა სამშაბათს გიორგი მთაწმინდელის პარაკლისს ვიხდით. ქარელის გიმნაზია გამოსცემს ჟურნალ ,,კლდე”, სადაც ყოველ მოსწავლეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოაქვეყნოს თავიცი ლექსი, ნახატი, თარგმანი, ჩანახატი; გამოთქვას თავის მოსაზრება სკოლაში ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ყველანაირადD ხელს შევუწყობ, ოღონდ ბავშვმა რაიმე ნიჭი წარმოაჩინოს! არანაირი შეზღუდვა, არანაერი ცენზურა! აბსოლიტური თავისუფლება! ჩვენი ბავშვები მონაწილეობას იღებენ თითქმის ყველა ფესტივალში, ამ ორი წლის წინ მირზაანში ჩატარებული ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ ფესტივალში, ასევე ,,არტ-გენის” ყოველწლიურ ფესტივალში. გიმნაზიაში უამრავი საგნობრივი და სპორტული წრეებია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ცოდნა კიდე უფრო გააღრმავონ. … წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს - გვინდა შევქმნათ ჩვენი ინტერნეტ-საიტი, ზაფხულში კი კვლავ ვაპირებთ გამგზავრებას ან სერბეთში, ან ბულგარეთში, ბაჩკოვოში, პეტრიწონის ქართველთა მონასტერში. ვნახოთ, საით გვიკურთხებს გზას უფალი.\ - მამა სტეფანე, რომ გისმენდით თან თქვენს გამომეტყველებას ვუყურებდი, მაშინ როცა გიმნაზიაზე, ბავშვებზე საუბრობდით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მართალია თქვენ თქვენი თავი ბერობაში იპოვეთ, მაგრამ თქვენი სულიერი სისავსისითვის გიმნაზია, ბავშვები აუცილებელი იყო. ერთხელ მახსოვს ერთ თქვენს მოსწავლეს რაღაც განსაცდელი ჰქონდა, თქვენ გამძინვარებულ ლომს ჰგავდით… რა არის ყველაზე ტკბილი ბავშვობაში, ბავშვებში? – ბავშვებმა გამზარდეს და უამრავი რამ მასწავლეს. მათში ბევრ ღვთაებრივ ნიჭს ვხედავ. ბავშვი არის სუფთა, სისუფთავის განსახიერება, ბავშვი თავისი უმანკო თვალებით ბევრ რამეს დაგანახებს… ბავშვი სულით უნდა შეიგრძნო. ამიტომაც ვარ მათთან, ამიტომ მიყვარს ისინი ასე უზომოდ და ამიტომ მაქვს მათ მიმართ ამხელა მამა-შვილური პასუხისმგებლობა… ისინი ყველანი ჩემი შვილები არიან… ღმერთმა დალოცოს თითოეული მათგანი! - მიატოვებდით გიმნაზიას, მამაო? – თუ კურთხევა იქნება, მივატოვებდი, რადგან ბერი ვარ და ჩემთვის უპირველესი კურთხევის შესრულებაა… თუმცა მინდა გულწრფელი ვიყო – ადამიანური გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდება ბავშვების გარეშე… დიახ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში კურთხევის შესრულებას, მორჩილებას აქვს, რადგან სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, პირველ რიგში ბერი ვარ!… ამით იწყება და მთავრდება ჩემი ცხოვრება!… - რამ შეიძლება აატიროს არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი? – ადამიანი ორ რამეს შეუძლია აატიროს – დიდ ემოციას და იმ ღვთაებრივ გრძნობას, რომელიც უფლიდან მოდის იმ სინანულის დროს, როცა ხედავ შენს საკუთარ უბადრუკობას და ამავდროულად ღმერთის უცოდველ ხელს, გამოწვდილს შენს გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ არარაობა ხარ და საშინლად ცოდვილი ხარ, ხედავ, რომ უფალს მაინც უყვარხარ და არ გტოვებს. არ იმსახურებ მის მადლს და წყალობას, მაგრამ მას მაინც უყვარს ისეთი უღირსი ადამიანი, როგორიც შენ ხარ! სათუთად გიახლოვდება და თავისი უცოდველი, მადლიანი ხელებით შენს ცოდვიან, დაავადებულ სულს ესალბუნება… უფლისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობა კიდევ უფრო მეტ სინანულში გაგდებს და ამის ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოდ ხედავ საკუთარ დაცემულ ბუნებას… ამის შეგრძნებამ აგატიროს კი არა, შეიძლება ბოხი ხმით გაბღავლოს!… თუმცა, კარგია, თუ ადამიანს ამის გამო ტირილი შეუძლია… - საკუთარი თავის დანახვა ასე გატირებთ, მამაო? – საკუთარი თავის დანახვა მატირებს იმდენად, რამდენადაც დაცემულია ადამიანის ბუნება და ამავე დროს მატირებს იმის შეგრძნება, თუ რაოდენ უსაზღვროა უფლის მადლყ და წყალობა… ყველაზე დიდი ნიჭია, საკუთარ თავს გაეხსნა, ბევრი გაურბის ამას. ეშინია, საკუთარ თავთან გააშისვლოს საკუთარი სული… მე არ მეშინია… მირჩევნია, გავეხსნა საკუთარ თავს და ვიტირო! ღმერთი სიყვარულია და ამ განუზომელი სიყვარულის მოახლოვება აგატირებს… ეს სიტყვებით არ ითქმის, ეს უნდა იგრძნო! Dდაიმახსოვრე შორენა – ბევრი რამ ცხოვრებაში არ ისწავლება, ის უნდა იგრძნო! - ჩვენ საოცრების მაძიებელი და მოყვარული ადამიანები ვართ. ყველგან და ყველაფერში საოცრებებს ვეძებთ… ამ დროს შეიძლება ეს საოცრება სულ ახლოს იყოს შენთან… რას ურჩევდით ამ საოცრების მაძიებელ ადამიანებს? – ყველაზე დიდი საოცრება ღმერთის პოვნაა. ჩემი უსაყვარლესი წმინდანი – ეფრემ ასური გვასწავლის – თითოეულ ადამიანში არის ქრისტე, შენ დაინახე იგი და ბედნიერი იქნებიო. მე ყველას ვუსურვებდი, ადამიანში ქრისტე ეპოვოს, დაენახოს უფალი, რომელიც მასშია ჩასახლებული. ქრისტე ყველა ადამიანშია, რადგან ღმერთმა შეგვქმნა ,,ხატად და მსგავსად თვისა” … ყაჩაღი, ავაზაკი იყო მოსე შავი, რომელსაც თითქმის ყველანაირი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ სინანულის მადლმა იგი წმინდანად აქცია. თუნდაც ის ავაზაკი გავიხსენოთ, რომელიც მკვლელი იყო, მთელი ცხოვრება სცოდავდა, მაგრამ სასუფეველში პირველი სწორედ იგი შევიდა. ოცდაათი წამიც კი არ სჭირდება წრფელი სინანულით წარმოქმნილ სიტყვევს: ,,მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”. ამ სინანულის სიტყვებმა წარხოცა მთელი ცხოვრების მანძილზე მის მიერ ჩადენილი სისხლიანი ცოდვები. სინანული – ,,განცდა თვისთა ცოდვათა” და არა ,,განკითხვა ძმისა ჩემისა” დაგანახებს უფალს, მის მადლსა და წყალობას თითოეულ ადამიანზე, ამიტომაც არავინ უნდა განიკითხო, უკანასკნელი მკვლელი, ავაზაკიც კი… - მამაო, შემინდეთ მაგრამ ძალიანაც რომ ვეცადო, ადამიანში, რომელიც დედ-მამას დახოცავს და ხელის აუკანკალებლად იქვე ოთახში დამარხავს, მეორე ოთახში კი სადილს აუღელვებლად შეექცევა, ან კაცში, რომელიც ხუთი წლის ბავშვს გააუპატიურებს, ან ფულის გულისთვის კაცს დააუთოვებს, მერე კი ყასაბივით აკუწავს, ან დედას რომელიც ახალგაჩენილ, უმწეო საკუთარ შვილს სანაგვეზე დააგდებს, ღმერთს ვერ დავინახავ… ღმრთს კი არა, მათში ადამიანის დანახვაც კი მიჭირს… ან როგორ უნდა დავინახო? – ისინი ავადმყოფები, ეშმაკეულები არიან და სამწუხაროდ, ასეთი დაავადებული ხალხი ჩვენს ირგვლივ არც თუ ცოტაა. წინასწარმეტყველებაში წერია, ბოლო ჟამს ბოროტი გამოვა და ხალხში შევაო… მაგრამ ყველა ადამიანი არის ხატება ღვთისა და ყველა ადამიანშია ღმერთი… ყველა ადამიანს, უკლებლივ ყველას აქვს უფლება, მივიდეს ღმერთთან, მას ამ უფლებას ვერავინ წაართმევს. და როგორ მივა ადამიანი უფალთან? თავისი თავის, ცოდვების აღიარებით, ჭეშმარიტი სინანულით. - თქვენ ძალიან გამოცდილი მოძღვარი ბრძანდებით. გქონიათ ოდესმე გაოცების მომენტი, როცა აღსარებას იბარებდით? განკითხვაში თუ ჩავარდნილხართ? და საერთოდ, გაკვირვებთ რამე ამ ქვეყანაზე? – არასოდეს! გულწრფელად გეუბნებით, არასოდეს! შეიძლება არც კი დამიჯეროთ. ჭეშმარიტად მორჩილი, თავმდაბალი ადამიანის ხილვა გამაკვირვებს მხოლოდ. ცოდვა რომ არ ყოფილიყო, ადამიანი სინანულის და შენდობის მადლს ვერასოდეს შეიგრძნობდა. ჩვენ ადამიანები ვართ და ყველანი ვცოდავთ. ჩვენ ჩვენი ცოდვებით მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ვგევართ. ერთი წმინდა მამა იყო, რომელიც თავისი სისპეტაკით იმხელა სულიერ სიმაღლეზე ავიდა, ისე გაითქვა სახელი, რომ სხვა მამებში გაოცებას იწვევდა. ერთხელაც ბერებმა მოილაპარაკეს, გამოვცადოთო. ჰკითხეს, მრუში ხარო? – ვარო, უპასუხა; მკვლელი ხარო? – მკვლელიც ვარო - იყო პასუხი. უამრავი ცოდვა ჩამოთვალეს, წმინდა მამამ ყველაზე თანხმობა განაცხადა. ბოლოს ჰკითხეს მწვალებელი ხარო? მწვალებელი კი ნამდვილად არ ვარო – უპასუხა ბერმა. ყველა ცოდვა აღიარე და ამ ცოდვას რატომ არ აღიარებო – ჰკითხეს. იმიტომ, რომ ყველა ეს ცოდვა თითოეულ ადამიანში დევს და ჩემი ბუნებაც, ისევე როგორც ყველა უბრალო მოკვდავისა, ცოდვისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ უფალი იმდენად მოწყალეა, რომ მიფარავს ამ ცოდვების ჩადენისგან. მწვალებლობა ღმერთის უარყოფას ნიშნავს, მე კი ღმერთის მადლიერი ვარო. … ადამიანი ცოდვით არასოდეს შემიფასებია და არც შევაფასებ, რა ცოდვაც უნდა მოვისმინო, არ გამიკვირდება. ადამიანი წმინდანი ხომ არა, ცოდვით ხომ არ განვსჯი? როცა, თუნდაც ყველაზე ცოდვილ ადამიანს ვუყურებ, არასოდეს განვიკითხავ განა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სარწმუნოება მიქადაგებს ამას, არამედ იმიტომაც, რომ მძულს განკითხვა. თუკი ღმერთი ადამიანს სიცოცხლის ერთ წუთს მაინც აძლევს, ეს იმის ნიშანია, რომ კვლავ მოუწოდებს სინანულისკენ; თუ ქრისტემ ავაზაკი, მკვლელი შეიწყალა და აცხონა, შეიძლება იმ ცოდვილსაც, რომელიც აღსარებას მაბარებს, უდიდესი წყალობა მისცეს სინანულისთვის და მე ვინ ვარ, რომ განვიკითხო? ბასილი დიდმა ბრძანა, სამი რამ გამიკვირდებაო, მხოლოდ: პირველი, მე რომ ვცხონდეო, მეორე – ვის ნახვასაც ველი სასუფეველში და იქ არ დამხვდებაო და მესამე, ვისაც არ ველი და იმას ვიხილავო. აბა, მე ეს უბრალო ცოდვილი, რამ უნდა გამაკვირვოს ამ ქვეყანაზე? … თუ რაიმეს კეთება მინდა, ჯერ უფალს ვთხოვ – ღმერთო, ღირს მყავ სიკეთის კეთებისა, მეთქი. ვიცი, არ ვარ ღირსი, მაგრამ უფალი მოწყალეა. ხმამაღლა ვიტყვი, რასაც ვაკეთებ, არაფერია ჩემი დამსახურება, გულწრფელად გეუბნებით. ეს უფლის მადლია და დედა ღვთისმშობლის წყალობა. მაგრამ ადამიანურად მიხარია, როცა ამბობენ, მამა სტეფანემ ესა და ის გააკეთაო, მაგრამ ეს ხომ ჩემი გაკეთებული არ არის, უფალმა ხომ იცის როგორ ვგრძნობ ამას. (მოჩვენებითი თავმდაბლობის გამო არ გეუბნებით ამას, გულწრფელად ასე ვფიქრობ.) ადრე, როცა რამეს ვაკეთებდი, საკუთარ თავს მივაწერდი, მე გავაკეთე-მეთქი, ახლა კი ხშირად ვეუბნები ჩემს თავს – შე საბრალო, უბადრუკო, ღმერთის წყალობას იწერ საკუთარ თავზე და არც კი გრცხვენია-მეთქი. და უცებ გონება გამინათდება და ვაცნობიერებ საკუთარ უსუსურობას, უძლურებას, ამის შემდეგ ვისი ცოდვა უნდა გამიკვირდეს – ღმერთმა სიკეთის კეთების უნარი მომცა, იმის მადლი მიწყალობა, ჩემს კარებთან მოსულ, ცოდვებით დამძიმებულ ადამიანს სულიერი ნუგეში ვცე, ისეთი რამ გავაკეთო, რაც სხვისთვის რთული და ძნელად დასაძლევია, მე კი ეს უდიდესი წყალობა საკუთარ დამსახურებად მიმიჩნევია. ხანდახან გვიმძიმს, ვძლიოთ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, განვთავისუფლდეთ ჩვენი ,,ქონდრისკაცურ მესგან” … ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს? სხვისგან რაღა უნდა მოვისმინო ამაზე უფრო ამაზრზენი? - მეუფე ხშირად ბრძანებს, ქართველობა სხვა ფენომენიაო. მამა სტეფანე, თქვენ უამრავი მართმადიდებლური ქვეყანა მოილოცეთ, სხვა ქვეყნებშიც ბრძანდებოდით, ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს – რითი განვსხვავდებით ქართველი მართმადიდებლები სხვა მართმადიდებელთაგან? - ბერძნები გამოირჩევიან თავიანთი ფილოსოფიური აზროვნებით და მათ ბევრი ღირსი მამა ჰყავთ, რუსები უფრო კანონის ზედმიწევნით მიმდევრები არიან; მათთვის კანონი კანონია. აი ქართველი კი მართლა გამორჩეული ფენომენია – მას თავგანწირვის უდიდესი ძალა და სიყვარული აქვს; სასულიერო პირი კი არა, თუნდაც ყველაზე არაეკლესიური ადამიანიც კი, რომელსაც შეიძლება ათი მცნებაც კი არ აქვს წაკითხული, ქრისტესთვის ერთ წამში მიუშვერს თავს ხმალს, დაუფიქრებლად გაწირავს სიცოცხლეს უფლისთვის! იცით რატომ? ეს ქართველს სისხლში აქვს, გენში უდევს და იმიტომ! ჩვენ უფალმა გამოგვარჩია და მან შეგვქმნა ასეთად. ჩვენი რჩეულობა ამით გამოიხატება. ჩვენი მიწა გაჟღენთილია ქრისტესთვის დანთხეული სისხლით! ჯერ თითქმის ბავშვი ვიყავი, ათონზე ივერონის მონასტერში რომ წავედი. (თერთმეტჯერ ვარ ათონზე ნამყოფი) თორნიკე ერისთავის აბჯარი რომ მივიკარი გულზე, სულ სხვა, ენით აუწერელი, ქართველური განცდა დამეუფლა… შეიძლება დავჭამოთ ქართველებმა ერთმანეთი, მაგრამ ღრმად მწამს, დღესვე რომ დასჭირდეს დედა ეკლესიას, ნახევარზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაუფიქრებლად დადებს თავს ქრისტესთვის! ღმერთმა ღირს მყო, წირვა აღმევლინა ივერთა მონასტერში. უყურებ ივერიის ღვთისმშობლის ხატს და გრძნობ, რომ ქართველია, შენი სულის ყველაზე სუფთა და ტკბილი ნაწილია, შენი დედაა, შენი გადამრჩენელი, შენი პატრონი! რით ვერ გაიგო მტერმა თუ მოყვარემ, რომ საქართველოს ბედი პირველსაუკუნეში გადაწყდა მაშინ, როცა ჩვენი ეს დალოცვილი მიწა დედა ხვთისმშობელს ხვდა წილად?! საქართველო იქნება უკანასკნელ ჟამამდე – ,,ერი ესე საზეპურო არა გავწირო უკანასკნელ ჟამამდეო.” საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. ჩვენი არსებობის მანძილზე მხოლოდ დიდ იმპერიებს ვებრძოდით, პატარა სახელმწიფოები როგორ გაბედავდნენ ჩვენთან შებრძოლებას? ბევრი დიდი ქვეყანა გაქრა რუქიდან, ჩვენ კი უფლის, დედა ღვთისმშობლის წყალობით ისევ ვარსებობთ. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ წამოვწვეთ მხარ-თეძოზე, სუფრაზე ათი ლიტრი ღვინო ,,ჩავისხათ” და გულზე ხელების ბრაგუნით ვუმტკიცოთ ერთმანეთს, თუ როგორ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ერთმანეთი და ამ დროს არ გვაღელვებდეს იმ მოხუცის თუ ბავშვის ბედი, რომელიც ნაგავში იქექება, რომ ,,პური არსობისა” მოიპოვოს!.. მისმა უწმინდესობამ ბრძანა – ღვთის წინაშე ვილოცე და ვთხოვე, ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს გაერთიანებისო!.. ჩვენი გიმნაზიის ერთ-ერთი მოსწავლის სიტყვები მინდა გავიხსენო:” ,,ღმერთს და დედა ღვთისმშობელს ვთხოვ, აღარასოდეს გვეთქვას ქართველებს – ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოო!” უფალს ვევედრები, შეუსრულოს მათ ეს თხოვნა! - ერთხელ მეუფე იობმა ბრძანა – ვინც დღეს დედა ეკლესიაშია და ქრისტიანულად ცხოვრობს, მათ ,,კიდობნის ხალხი” ვუწოდე და მინდა, ამ ღვთის კიდობანში მთელი ერი გაერთიანდესო… მაგრამ ხომ არიან ადამიანებიც, რომელთათვისაც ეკლესია დედა ჯერ კიდევ არ არის. რას ეტყოდით ამ კიდობნის მიღმა დარჩენილ ხალხს? – სანამ მათ ვეტყოდე რამეს, მინდა ,,კიდობნის ხალხს” ვუთხრა, რომ კიდობნის წევრობა ერთ რამეში გამოიხატება - თავდადებაში და თუ კიდობანში მყოფნი თავს დადებენ, მის მიღმა დარჩენილებიც წამოვლენ! თავგანწირვა კი მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია და არა ყალბ, მოჩვენებით ემოციას და იმპულსულობას. მათ უნდა დავანახოთ, რომ ისინი მართლა გვიყვარს, ჭეშნარიტი სიყვარულით, გულწრფელად… უფლისკენ მიმავალი გზა ადამიანთა წრფელ გულზე გადის… უფალს ვთხოვ, დიდი სიყვარული და თავგანწირვა მისცემოდეთ ,,კიდობნის ხალხს” კიდობნის მიღმა დარჩენილი ხალხის მიმართ და მერწმუნეთ, ისინი ჩვენთან ერთად წამოვლენ და ყველანი ერთად გადავრჩებით!… ყველას ვუსურვებდი იმ უსაზღვრო მადლისა და წყალობის შეგრძნებას, რომელსაც ქრისტე ღმერთი ყველას უბოძებს ყოველწამიერად, ვუსურვებ ,,დაბრუნებას მამის წიაღში.”..შევურიგდეთ ხალხნო ღმერთს.. … სადაც ხარ, ღმერთს იქ უნდა ემსახურო. ბასილი დიდს გადასახლებით დაემუქრნენ, მან კი უპასუხა, სადაც უნდა გადამასახლოთ, ყველგან განვადიდებ უფალსო. სადაც ხარ – ქალაქი იქნება ეს, თუ მონასტერი, კლდე, თუ ღრე – ქრისტეს ყოველთვის მადლობა უთხარი და გულით ემსახურე ღმერთს; ამისთვის უსაზვრო წყალობას მიიღებ უფლისგან. ჩვენი გიმნაზიის 290 ბავშვს თითქმის ყველა დღე ვეუბნები – მიუღწეველი ამ ქვეყნად არაფერია, მაგრამ სანამ საქმეს დაიწყებდეთ, ჯერ ღმერთს სთხოვეთ, შვილებო, უფალთან მიდით და გულწრფელად სთხოვეთ, მოწყალების კალთა გადმოგაფაროთ და აუცილებლად ყველაფერს მიაღწევთ, უფალი შეგეწევათ და თუ თქვენს ძალებს დაეყრდნობით, დამარცხდებით… - საკუთარ თავს რას უსურვებდით მამაო? – მაკარი დიდმა, ამ უდიდესმა მამამ, ეშმაკი თავის თვალით იხილა. ეშმაკმა ჰკითხა, სად შევიდეო? მაკარი დიდმა პირი გააღო და უპასუხა – შემოდიო. ეშმაკს შეეშინდა – ვერ შემოვალო. მაკარი დიდს, რომელსაც შეეძლო, მიცვალებული გადმოეყვანა ზეციდან, თავის ქალას ჰკითხავდა, ვინ ხარო და ისიც პასუხობდა, ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამს ეშმაკმა კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო და უთხრა: ,,მაკარი ცხონდიო,” მაკარი დიდმა კი უპასუხა: ,, სანამ ქრისტეს არ ვიხილავ, ვერ ვიტყვი, ვცხონდი თუ არაო.” წარმოგიდგენიათ რამხელა თავმდაბლობაა?… ეს სწავლება ყოველთვის მაქვს გულში და მინდა არასოდეს დამავიწყდეს… მე ყველაფერი გითხარით… - დაგვლოცეთ მამა სტეფანე! – მინდა გულწრფელად დაგლოცოთ თქვენ, ჩვენი გაზეთის მკითხველები, სრულიად საქართველო და ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი, მინდა ის პატარა დავლოცო, ვინც ახლა, ამ წუთში იბადება, მინდა ის კაცი დავლოცო, ვინც საპატიმროშია, ან განაჩენს ახლა ელოდება, ვინც საავადმყოფოშია, სნეულია, ვინც მთაშია, ბარშია და წყალშია… მინდა ის ხალხიც დავლოცო, ვინც მშიერია, მწყურვალია, უსახლკაროა, ქვრივია, ეულია და მარტოსულია; მინდა ჩემი ბერული ლოცვა მასაც მისწვდეს, ვინც სწორედ ახლა, ამ წუთებში ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელ წამებს ითვლის და გულწრფელად ვთხოვ უფალს, სინანულით განწმენდილი გავიდეს ,,ამა სოფლიდან,”ისინიც მინდა დავლოცო, ვინც ახლა ქმნის ოჯახს და მინდა გამრავლება ვუსურვო, მინდა ისინიც დავლოცო, ვინც განკითხვაში ჩამიგდია, ნებსით თუ უნებლიედ, გული მიტკენია… ვინც ,,კიდობანშია” ან ჯერ კიდევ ,,კიდობნის მიღმა,” ისიც, ვისაც ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ვერ უპოვია, ისიც, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქრისტიანულად იცხოვროს ან ერთხელ მაინც გამოუხატავს მადლიერება უფლის მიმართ… განსაკუთრებით მინდა ჩემი ლოცვა ყველა ქართველ ემიგრანტს მისწვდეს, იმ ხალხს, რომელთაც საქართველო ტკბილ ზმანებად გადაქცევია, მინდა ისინი მალე დაუბრუნდნენ ჩვენ მადლიან მიწას, რომელიც ასე ძალიან, ტკივილამდე ენატრებათ… ყველას, ყველას გლოცავთ! ქრისტესმიერ სიყვარულით მიყვარხართ! ღმერთმა დაგლოცოთ. გაგაძლიეროთ, ულევი სიყვარული, სიხარული მოგმადლოთ ,,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!” ამინ! … დიდხანს, ძალიან დიდხანს ერთ ადგილზე ვიდექი და საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, იმდენი ძალა რომ არ მეყო, მისთვის შენდობა მეთხოვა… რამდენჯერ განმიკითხავს ნებსით თუ უნებლიედ?! თუმცა, როცა მისი საერთოდ არ მესმოდა, არ ვიცნობდი, მაშინაც კი მიყვარდა… ის უბრალოდ ისეთი უნდა მიიღო და გიყვარდეს, როგორიც არის – არაოორდინალური, ყველასგან განსხვავებული, ქრისტესთვის, სამშობლოსთვის,ეკლესიისთვის, თავისი მოძღვრისთვის, ეპარქიისთვის, მოყვასისთვის და მტრისთვისაც კი უნაპიროდ თავგანწირული არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი…უბრალოდ, მამა სტეფანე!… …და განა იცის ვინმემ, ვისი ხვედრი უფრო მძიმეა: იმ ბერისა, ვინც ამ შეშლილ სამყაროს გარიდებული რომელიღაც მივარდნილ მონასტერში, ყველაზე მოკრძალებულ კელიაში უფალს ტკბილად ესაუბრება, თუ იმისი, ვინც თუნდაც ყველაზე კომფორტული ავტომანქანით დადის, ფუფუნების მოყვარეობისთვის მუდმივად განიკითხავენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი ერთადერთი სიმდიდრე მხოლოდ დედა ღვთისმშობლის ხატია!… იმდენი შინაგანი ძალა აქვს, რომ თავისი უნაპირო გულწრფელობით, თითქმის აღსარებასავით ნათქვამი გულის ფიქრებით, შენს სულში ჩაკირულ ყველაზე გაუმხელელ ცოდვაზე დაგაფიქროს! შენი საკუთარი უბადრულობა, ,,ქონდრისკაცური მე” დაგანახოს! … შეიძლება ადამიანს არ იცნობდე, მაგრამ შეხედო მას, შეხვიდე მის სამყაროში და გამოხვიდე იქიდან სულიერად მშვიდი და ლამაზი, სინანულის მადლში გახვეული!… ეს შეგრძნება მასთან საუბრის შემდეგ დღემდე არ მტოვებს… … უეცრად, მოულოდნელად, როგორც სჩვევია, წამოდგა და წავედიო, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა… და რაღაც სევდა ჩაუდგა თვალებში. ჩემთვის ასე ნაცნობი, ახლობელი თვალები ვიხილე – ბერული სევდით სავსე თვალები, ასეთი თვალები ხომ მხოლოდ ბერებს აქვთ! … ,,შევეცადე, ბოლო ღონე მოვიკრიბე, გულწრფელი ვყოფილიყავიო,” სევდიანად მითხრა და უცებ შეიცვალა, მისი ჩვეული ღიმილი უცებ სადღაც გაქრა, თითქოს თავის ნამდვილ, ბერულ სახეს უბრუნდებოდა, რადგან იქ მიდიოდა, თავის კელიაში, თავის სამყაროში რომ ჩაკეტილიყო, იმ სამყაროში, იმ თავის ,,განსაკუთრებულ სამყაროში,”რომელიც უფლის უსაზღვრო სიყვარულით, ცრემლიანი ლოცვით გაათბო… და რომლის კარებიც მხოლოდ მისთვის იღებოდა… … სევდიანი იყო მისი ნაბიჯებიც… სევდიანად ბერული – მისი გამოხედვა… იანვრის სუსხიან ღამეში სევდისფერ კიბეზე სევდიანად მიაბიჯებდა არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი… თითქოს ბუნებასაც შეეგრძნო მის სულში დამარხული ტკივილი და იანვრის ქათქათა, ბზინვარე თოვლს უფენდა ფიანდაზად… იმ ერთ წამში დავინახე მისი ბერული ბუნება, ის სახე,. რომელიც მანამდე არასოდეს მენახა… … მიდიოდა ზამთრით გაყინულ, მაგრამ უფლის მადლით, სიყვარულით გამთბარ კელიაში, სადაც ,,თავისი” დედა ღვთისმშობელი შეეგებებოდა და გულში ჩაიკრავდა.. … მის განვლილ გზას გავხედე… იანვრის ქათქათა თოვლზე ბერულ ნაფეხურებს გარკვევით დაეტოვებინათ ,,მისი საკუთარი ხელწერა”… …შემინდე, მამა სტეფანე! … ესაუბრა შორენა სიხარულიძე ფოტოს ავტორი – არჩილ შუშანაშვილი
კატეგორია: სამღვდელოება | ნანახია: 1025 | დაამატა: PumBaa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz